დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ესაა კატასტროფა ქვეყნისთვის - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, კატასტროფულად მცირდება პირველადი აცრის რაოდენობა.

„სამწუხაროდ, ყველანი შეშთოფებულები ვართ, ვაქცინაციის ტემპის ერთხანს მატების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა, რომ დავძლევდით პანდემიას და მეხუთე ტალღა აღარ იქნებოდა, ან იქნებოდა ძალიან რბილი, მოხდა პირიქით – ბოლო დღეებში შემცირდა ვაქცინირებულთა რიცხვი. კატასტროფულად დაიკლო პირველადი აცრების რაოდენობამ, ეს არის კატასტროფა ქვეყნისთვის.

რაც ჩვენთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხდება, მოსახლეობა თავის თავს უწყობს აპოკალიფსს. ფაქტია, რომ მოსახლეობამ ზურგი აქცია ვაქცინაციას და თავის ქვეყანას უწყობს საბოტაჟს. 13 000 ვაქცინა დღეში არის საბოტაჟი თავისი თავის მიმართ, საბოტაჟი, პირველ რიგში, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაცილებული არიან 60 წელს და ასეთები მგონი ყველას ჰყავს ოჯახში – ახლობლები მშობლები, ფაქტობრივად, წირავენ ისინი, როდესაც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე”, – განაცხადა მან.

მან ასევე ისაუბრა ვაქცინის ვადის გასვლაზე და თქვა, რომ  „ფაიზერის“ სხვადასხვა პარტიაა ქვეყანაში და ამ ეტაპზე ვადაგასული არ არის არცერთი, მაგრამ მისი თქმით, თუ ტემპი ასე გაგრძელდა ვაქცინას ვადა გაუვა.