დამაზიანებელია ბავშვების პოლიტიკური ოპონირების პროცესში ჩართვა - ომბუდსმენი

პუბლიკა

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ბოლო პერიოდში პოლიტიკური ოპონირებისა თუ პროტესტის გამოხატვისას ბავშვის უფლებების სავარაუდო დარღვევის და მათი საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფის ფაქტები დაფიქსირდა.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, პოლიტიკოსების თუ საჯარო პირების მხრიდან ხშირია კრიტიკის ადრესატების არასრულწლოვანი შვილების მიმართ საზიანო ფრაზების სოციალურ ქსელში გავრცელება თუ ქმედებები, რაც პოლიტიკური კულტურის ნაკლოვანებაზე მიუთითებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებით დამაზიანებელია ბავშვების პოლიტიკური ოპონირების პროცესში ჩართვა და ამა თუ იმ პირის კრიტიკული განცხადების ადრესატად მათი არასრულწლოვანი შვილების მოხსენიება. ბავშვებისთვის შეურაცხმყოფელი, საზიანო შინაარსის ფრაზების გამოყენება და მატრავმირებელი ქმედებები.

„აღნიშნული არამხოლოდ აზიანებს არასრულწლოვანის ემოციურ მდგომარეობას, არამედ შეიცავს რეალურ საფრთხეს და შესაძლოა, ბავშვის მიმართ ჩაგვრაც წაახალისოს. ამ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მართებთ პოლიტიკოსებს და საჯარო პირებს, რადგან გაცილებით მაღალია მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებების საზოგადოების მხრიდან გაზიარების ალბათობა.

ამასთან, არასრულწლოვანების უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვა უნდა წარმოადგენდეს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღირებულებას და თითოეული პირის ვალდებულებას.

შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე და მაღალი პასუხისმგებლობა, მოერიდონ ამ პროცესში ბავშვებისადმი მათთვის საზიანო შინაარსის ფრაზების გამოყენებას და პრაქტიკისთვის მიმართვას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

7 თებერვალს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა და ოპოზიციის ნაწილმა სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების შემდეგ მოსამართლე გიორგი არევაძის შესახებ დაწერილი Facebook-პოსტი გააკრიტიკა, რომელშიც არევაძე მოხსენიებული იყო, როგორც „მკვლელი“, პოსტის ადრესატები კი მისი შვილები იყვნენ.