დანიელსონი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხვდება

პუბლიკა

ვროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანოელსონმა საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ოპოზიციისა და „ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრები დილიდან განაახლა.

საქართველოში ევროკავშირის ოფისში შეხვედრაზე „ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მივიდა. შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და პარტიის წევრი შალვა პაპუაშვილიც ესწრებიან.

შესვლამდე მედიასთან ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დანიელსონის საქართველოში დარჩენა დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის კარგი შესაძლებლობაა.

„ყველა წინადადება, რომელიც დღეს ასახულია დოკუმენტში არის ჩვენგან წარმოდგენილი. ყველა აბსოლუტურად. არცერთ წინადადება წარმოდგენილი ოპოზიციისგან არაა. ერთადერთი ვალდებულება რასაც ოპოზიცია იღებს ეს პარლამენტში შესვლაა. რაც შეეხება ჩვენს მოტივაციას. ჩვენი მოტივაციაა რომ მაქსიმუმი გაკეთდეს შეთანხმების მისაღწევად. ეს ჩვენი დამოკიდებულებაა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ. გუშინ შეხვედრის დასრულებისას გვითხრა, რომ ის მეორე დღის დილით ტოვებდა ქვეყანას. თუმცა როგორც ჩანს შემდეგ იყო გარკვეული კონსულტაციები რის შემდეგაც გადაწყვიტა საქართველოში დარჩენა. 10 წუთის შემდეგ ეს პირველ რიგში ჩვენ შეგვატყობინა, როცა კომენტარები გავაკეთეთ მედიასთან. დღეს გაგრძელდება დიალოგი და კარგია რომ ის დარჩა. ეს იძლევა შანს რომ დიალოგი წარმატებით დასრულდეს.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შვედი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. სამი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან. გუშინ დღის ბოლოს იყო მოლოდინი, რომ 3-დღიანი მოლაპარაკებების ბოლოს გაიმართებოდა ერთობლივი შეხვედრა ოპოზიციასა და „ოცნებას“ შორის, თუმცა შეხვედრიდან გამოსულმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ბრიუსელში პრემიერ- მინისტრის ვიზიტის შემდეგ განახლდება. არჩილ თალაკვაძემ კი აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან ჯერ კიდევ საჭიროა ნაბიჯების გადადგმა. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დღეს გაემგზავრა.