დაქორწინდა 22 275, განქორწინდა 13 664 — საქსტატის ახალი მონაცემები

პუბლიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა 2023 წლის დემოგრაფიული მაჩვენებლები.

2023 წელს, საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 40 214 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 010 ბიჭი და 19 204 გოგოა. აღნიშნული მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით შემცირებულია 5.0 პროცენტით.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ყველაზე მეტი ახალშობილი თბილისში დაიბადა, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, პირველი შვილების წილი 39,1%-დან 37.7% შემცირდა. მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და 33,6% შეადგინა, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 26,6%-დან 27.5%-მდე გაიზარდა.

2023 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა.

„ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5 პროცენტიდან 24.6 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6 პროცენტიდან 69.4 პროცენტამდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.0 პროცენტიდან 6.0 პროცენტამდე გაიზარდა“, – ნათქვამია საქსტატის გამოქვეყნებულ მონაცემებში.

რაც შეეხება ქვეყანაში გარდაცვალების მაჩვენებელს, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13.0 პროცენტით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა 2023 წელს 8.2 მეათასედი შეადგინა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე).

2023 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა 9.5 მეათასედი შეადგინა  (1 000 ცოცხლად დაბადებულზე).

რაც შეეხება ქვეყანაში ბუნებრივ მატებას (სხვაობას ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) საქართველოში 2023 წელს უარყოფით მაჩვენებელი დაფიქსირდა და – 2 542 ერთეულით განისაზღვრა.

ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

ქვეყანაში ქორწინების მაჩვენებელთან დაკავშირებით, საქსტატის გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2023 წელს, რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7, ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელს.

რაც შეეხება განქორწინების მაჩვენებელს, 2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.