დასაქმებულმა „რუსთავის აზოტს" 4-წლიანი შრომითი დავა მოუგო – პროფკავშირები

პუბლიკა

„4-წლიანი სასამართლო პროცესი უზენაეს სასამართლოში პროფკავშირების გამარჯვებით დასრულდა“, – პროფკავშირების ინფორმაციით, ვ. ბ. დასაქმებული იყო რუსთავის აზოტში 1991 წლიდან, ავტოსატრანსპორტო საამქროში მძღოლის პოზიციაზე და 2016 წლის 21 ნოემბერს იგი აბსოლუტურად უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, ვალდებულების დარღვევის საფუძვლით.

პროფკავშირმა სასამართლოში სარჩელი წარადგინა, გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

„საქმე განიხილა რუსთავის საქალაქო, თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ. სამივე ინსტანციის სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად მიიჩნია, რომ არ არსებობდა ვ. ბ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი და დაავალა რუსთავის აზოტს მისი სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრულად – სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე. საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე უზენაესმა სასამართლომ 2020 წლის 3 დეკემბერს მიიღო”, – წერს პროფკავშირები.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე რუსთავის აზოტის მიერ ვ. ბ.-ისთვის ასანაზღაურებელი იძულებითი განაცდურის თანხის ოდენობა შეადგენს 51 840 ლარს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება ვ.ბ.-ს სამსახურში აღდგენის დღემდე.