დასავლელმა მეგობრებმა მოლაპარაკების პროცესისადმი მიდგომა უნდა შეცვალონ - ჯაფარიძე

პუბლიკა

შვედი დიპლომატის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტის წინ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში თავისი მოლოდინების შესახებ წერს.

ჯაფარიძის თქმით, ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია, ეკონომიკა განადაგურებულია, ინვესტიციების ჩადებას არავინ რისკავს. მისი თქმით, ამას ემატება პანდემია და რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება. მისი თქმით, მთავრობა მილიარდობით ახალი ვალის აღებით, ტყუილებზე დაფუძნებული პროპაგანდითა და ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით ინარჩუნებს ძალაუფლებას.

ჯაფარიძე წერს, რომ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდა ნიკა მელიას დაპატიმრების, ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი გახარიას წასვლის შემდეგ.

მისი თქმით, ასეთი ვითარების განმუხტვის ერთადერთი გზა ხელახალი არჩევნებია. ჯაფარიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნებისთვის“ წითელი ხაზი არა არჩევნები, არამედ ძალაუფლების დაკარგვაა.

ჯაფარიძე მადლობას უხდის დასავლელ პარტნიორებს მომლაპარაკებლის როლის კისრებისთვის და ამბობს, რომ დანიელსონის მეორე ვიზიტის დროს არ იცის, რა უნდა მოხდეს ისეთი, რაც სიტუაციას შეცვლის.

ის წერს, რას ელოდება შვედი დიპლომატის ვიზიტისგან.

„ჩემი აზრით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ დატოვებული ხუთი პუნქტი ზუსტად აჩვენებს სად აქვს ქვეყანას ისეთი ტიპის ჩავარდნები, რომელთა მოგვარების გარეშეც საუბარი სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებაზე და საგარეო გამოწვევების გამკლავებაზე, უბრალოდ აზრს მოკლებულია:

ა) პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, რადგან მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან. შესაბამისად, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.

ბ) სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, არ უნდა იმართებოდეს ერთი ადამიანისადმი ან ერთი პარტიისადმი ლოიალური კლანის მიერ, რადგან ასეთი სასამართლოს არსებობა შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.

გ) ძალაუფლება უნდა იყოს გადანაწილებული და ოპოზიცია აღჭურვილი უნდა იყოს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად საჭირო რეალური ბერკეტებით, რადგან ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის ხელში კონცენტრირებული სრული ძალაუფლება შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.

დ) ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რადგან ვითარება, როდესაც ამომრჩევლების ნახევრის მიერ არჩეული არცერთი პარტია და პარტიული ლიდერი არ ცნობს არჩევნების შედეგებს და არ ენდობა საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს, შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან. არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივ ბარიერიანი სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი წამალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის.

ე) ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს საკმარისი პასუხისმგებლობა იმისათვის რომ ქვეყნის ასეთ ვითარებმდე მიყვანის შემთხვევაში, და ყველა სხვა გამოწვევების გათვალისწინებით, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რადგან სხვაგვარად იქცევიან ავტოკრატიული მმართველები და ეს შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.

მე ველოდები რომ ეს იქნება ბ-ნი დანიელსონის გზავნილები მეორე ვიზიტის დროს. მეტიც, მე ველოდები რომ ეს ან მსგავსი იქნება ყველა ჩვენი დასავლელი მეგობრის გზავნილი“, – ამბობს ჯაფარიძე.

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებელი კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ არ ესმის, რატომ აკისრებენ პასუხისმგებლობას ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციას.

„ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წლის შემდეგ, მე არ მესმის, სად არის ჩემი პასუხისმგებლობა იმაში, რომ:

ა) ქვეყანაში პოლიტიკურად დევნიან ოპონენტებს;

ბ) სასამართლო პოლიტიზებულია და იმართება კლანის მიერ;

გ) საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაცია მორგებულია მმართველი პარტიის ინტერესებზე;

დ) ძალაუფლების ყველა წერტილს აკონტროლებს ერთი ადამიანი, რომელსაც არ უკავია რაიმე ფორმალური თანამდებობა;

ე) პოლიტიკურ ველზე უკიდურესი პოლარიზაციაა, რომლის მთავარი შემოქმედიც „ქართული ოცნებაა“, რომელმაც 8 წელი მხოლოდ ზიზღის პროპაგანდაზე დახარჯა და ყველა არჩევნებზე ბრძოლის სტრატეგიად სწორედ „შუის გაკრეფის“ სტრატეგია აირჩია;

ისევე როგორც არ მესმის, რა შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ დატოვებულ პუნქტებთან მიმართებაში, გარდა ტექნიკური დეტალებისა.

დავუტოვო სასამართლოზე კონტროლის ნაწილი ივანიშვილს?

ცოტათი უსამართლო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მივცე, რომ „ოცნებამ“ გაიხანრგძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა?

ძალაუფლების ყველა ბერკეტი ისევ ივანიშვილს დარჩეს და სიმბოლურ დათმობებს დავთანხმდე?

ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭო და შევეგუო ივანიშვილის მმართველობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში?

შეუძლებელია ეს. მეტიც, ამის გაკეთება ნიშნავს უპასუხისმგებლობას, პრობლემებზე თვალის დახუჭვას და კრიზისის დროში კიდევ უფრო გაწელვას“, – წერს ჯაფარიძე.

მისი თქმით, სწორედ ეს უნდა გაიაზრონ დასავლელმა პარტნიორებმა და შეცვალონ მიდგომა.

„ნაცვლად იმისა, რომ დეფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთნაირად მოუწოდებდნენ კომპრომისებისა და შეთანხმებისკენ, ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ უნდა უთხრან გასაგებად, ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ:

ა) ის, რომ მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანისა და პარტიის ხელშია, სასამართლო პოლიტიზებულია, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და არჩევნებისადმი ნდობა არ არსებობს – თქვენი პასუხისმგებლობაა;

ბ) ჩვენთან თუ გინდათ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს ყველაფერი უნდა შეცვალოთ დღესვე (არა ზეგ და 7 წელში), იმიტომ, რომ ჩვენთან, დასავლეთში ასეა.

მხოლოდ ეს შეიძლება იყოს შარლ მიშელის 5 პუნქტის შინაარსი და მხოლოდ ასეთი მიდგომით ჩვენი მეგობრების მხრიდან არის შესაძლებელი იმ პუნქტებზე შეთანხმება და ამას ველოდები ბ-ნი დანიელსონის ვიზიტისგან“, – ამბობს ის.