დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ - ვაშაძე

პუბლიკა

„ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ჩემი პოზიციაც ეს არის და ვუთხარი კიდეც მედიაციის მხარეს, დაუსრულებლად ხალხის ნერვებზე თამაში, ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ. ამისთვის აუცილებელია, რომ საბოლოო ნაბიჯებისკენ მივიდეთ. ან ხდება შეთანხმება ან ვერა, ორი ვარიანტია”, – ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრიატიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ის დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ყველა ის საკითხი, რაც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, აუცილებლად იქნება საბოლოო დოკუმენტშიც.

„ალბათ, ვუახლოდებით მოლაპარაკებების დასასრულს. ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. მე ამის მომხრე ვარ და ეს არაერთხელ განმიცხადებია. ყველა ის საკითხი, რაც იყო შარლ მიშელის დოკუმენტში, აუცილებლად იქნება საბოლოო დოკუმენტშიც. ნამდვილად არ ვიცი საბოლოო შინაარსი, მაგრამ ვნახოთ, დაველოდთ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის მხარე გააკეთებს დღეს განცხადებას და გვეტყვის, როგორ უყურებენ ისინი პროცესს დღეის შემდეგ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც შარლ მიშელის დოკუმენტშია, ორივე საკითხი პოლიტპატიმრებთან და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება. რა იქნება შიგნით მოხსენიებული ან როგორი მეთოდითა და მიდგომით იქნება გამოყენებული, ეს ნამდვილად არ ვიცი. რომ ვიცოდე, სიამოვნებით გეტყოდით, მაგრამ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ვაშაძემ.


ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. ის დღის განმავლობაში მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდება.