დავაკავეთ 20 წლის პირი, რომელმაც პოლიციელი და ორი მოქალაქე დანით დაჭრა - შსს

პუბლიკა

შსს-მ დააკავა 2003 წელს დაბადებული დ.დ. რომელსაც ბრალად სამსახუერეობრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ
მკვლელობის მცდელობა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე
დაზიანება ედება.

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, მიმდინარე წლის 8 იანვარს, თბილისში, კოტე
აფხაზის ქუჩაზე, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა ორ პირს. დ.დ.-მ ასევე დაჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი – 1985 წელს დაბადებული ზ.გ., რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდა და შემთხვევის ადგილზე მივიდა.

ბრალდებულმა მიმალვა შეძლო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სამივე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ დ.დ., თბილისში დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 118-ე და 353 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს