დავით ხიდაშელმა ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდი დააფუძნა

პუბლიკა

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების ფონდი დააფუძნა. ფონდი რეესტრში დეკემბერში დარეგისტრირდა. ინფორმაცია ფონდის დაფუძნებისა და ბიზნესმენის გეგმებზე ტელეკომპანია „ფორმულამ” გაავრცელა.

ტელეკომპანიას ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურის საბჭოს ერთ-ერთი წევრი, მიხეილ ჯანიკაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, ხიდაშელი შეხვედა უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, სადაც ისაუბრა ფონდის იდეაზე და განაცხადა, რომ მას სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა სურს.

„აფინანსებს თვითონ, ეს არის მისი კეთილი ნება. ის რომ ჩარიცხავს, წარვადგენთ პროექტებს, ფონდი განიხილავს რომელი პროექტი უნდა განხორციელდეს”, – თქვა ფორმულასთან ჯანიკაშვილმა.

ტექნიკურ-მეცნიერებათა დოქტორის, მიხეილ ჯანიკაშვილის თქმით, უნივერსიტეტმა ფონდს მრეწველობის განვითარებისთვის იდეები უნდა შესთავაზოს.

მისი ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი 1 მილიონი ლარი იქნება.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ხიდაშელის ფონდის დირექტორი მისივე ბიზნესპარტნიორი რევაზ მაისურაძეა. „ფორმულა” რევაზ მაისურაძეს დაუკავშირდა.

„ფონდის შექმნის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა. არამომგებიანი ორგანიზაციაა და ბიზნესინტერესი საერთოდ არ არსებობს”, თქვა ფორმულასთან მაისურაძემ.

დავით ხიდაშელი ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტია. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ხიდაშელმა მოიძია რუკა, რომელიც საქართველოსთვის ხელსაყრელია აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის პროცესში და ამით “გმირობა ჩაიდინა.”

„კარტოგრაფების“ საქმის დაწყებიდან 1.5 წლის შემდეგ დავით ხიდაშელს სახელმწიფომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადასცა. ეს ინფორმაცია თავდაპირველად Mtisambebi.ge-იმ გაავრცელა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშით, ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭაში ტყის გადაცემის გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონ ლარზე მეტის შემოსავალი დაკარგა.

2022 წლის მარტში „რიყის დოქების“ ინვესტორი ე.წ კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე დავით ხიდაშელი გახდა.
თბილისის ცენტრში მდებარე ე.წ. „რიყის დოქების“ კომპლექსი მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე გაიყიდა. ობიექტი 10 მილიონ ლარად გაიყიდა. „რიყის დოქები“ ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა ფირმამ, Global Victory Trust-მა შეიძინა.