დედაქალაქში 12 პრობლემური სატრანსპორტო კვანძია | რას გეგმავს თბილისის მერია

პუბლიკა

დღეიდან თბილისის მერია დედაქალაქში არსებული 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგებას ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთიდან იწყებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების რაოდენობა ან გზების რეაბილიტაცია, არამედ ქუჩის დიზაინი.

„ქუჩის ახალი დიზაინი ორიენტირებულია უსაფრთხო გადაადგილებაზე. პრიორიტეტი ენიჭება ტროტუარების გაფართოებას, ქვეითთა პანდუსებისა და ადაპტირებული  გადასასვლელების მოწყობას.  პარალელურად, მიმდინარეობს ახლომდებარე რეკრეაციული და საჯარო სივრცეების რეაბილიტაცია.

ამჟამად, დედაქალაქში არის 12 პრობლემური კვანძი, რომელიც იწვევს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 500-მდე ბრუნის ჩავარდნას. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, 100 000-მდე მგზავრი ვერ იღებს სათანადო მომსახურებას. ამ პრობლემური კვანძების უმრავლესობა მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ  ფუნქციონირებაზე.

დაპირებისამებრ, ვიწყებთ აღნიშნული კვანძების მოწესრიგებას. კერძოდ, დღეიდან დაიწყება ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე სამუშაოები, შაბათიდან, თავხელიძის ქუჩიდან, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით დაიწყება სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.