„დაუშვებელია პოლიტიკური ნიშნით ზიარებაზე არდაშვება“ | დეკანოზ ლუკას მკაცრი გაფრთხილება მისცეს

პუბლიკა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმაურება რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემთხვევას ხელვაჩაურის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძარში. საუბარია დეკანოზ ლუკა მიქაბერიძეზე, რომელმაც მრევლი, სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით არ აზიარა.

ეპარქიის ცნობით, დეკანოზ ლუკას მღვდელმთავრისაგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება.

„22 იანვარს, სამაუწყებლო ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი ხელვაჩაურის წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის დეკანოზ ლუკა მიქაბერიძეს და ამავე ტაძრის მრევლის რუსუდან თავართქილაძეს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომ მოძღვარმა ეს უკანასკნელი არ აზიარა ენმ-ის მხარდაჭერის გამო და მიზეზად „მ. სააკაშვილის სექტის“ მომხრეობა დაასახელა.

ეპარქია დაინტერესდა არსებული ვითარებით, რაც დეკანოზმა ლუკამ ნაწილობრივ დაადასტურა (ეს გასული სიუჟეტიდანაც ჩანს). დეკანიზ ლუკას მღვდელმთავრისაგან მიეცა მკაცრი გაფრთხილება“, – აღნიშნავს ეპარქია.

ეპარქია განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ რუსუდან თავართქილაძისა და მისი მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა აგრესიულ და პროვოკაციულ გამოსვლებს, რასაც, ეპარქიის მტკიცებით, ადასტურებენ სამრევლოს სხვა წარმომადგენლები.

„ქალბატონი რუსუდანის მეუღლის მხრიდან განხორციელდა ზარი სამღვდელმთავრო რეზიდენციაში მუქარით, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, ისინი რევოლუციას მოაწყობდნენ ეკლესიაში. მიუხედავად ამისა, ასეთი დამოკიდებულება გარკვეული სასულიერო პირების მხრიდან ყოვლად დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და პოლარიზებულ მდგომარეობას და მის დამშვიდებას ეს ხელს არ შეუწყობს.

ეკლესიაში ყოვლად დაუშვებელია პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და საღმრთო ზიარებაზე არდაშვება, აგრეთვე ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი მოწოდებები, რომელი პარტიისაც არ უნდა იყოს ის. მივმართავ ეპარქიის სამღვდელო დასს, ყველა ღონე ვიხმაროთ ქვეყნისა და ამ ქვეყნის მკვიდრთა ერთიანობისთვის, რადგან ღმერთი აერთიანებს, ეშმაკი კი ჰყოფს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile