„დეზინფორმაციაა და პანიკის დათესვას ემსახურება" - მერია გოდოლაძის ინფორმაციაზე

პუბლიკა

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ფერდზე მეწყრული პროცესის მიმდინარეობის, მერიის მიერ მიღებული ზომებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ბრიფინგი გამართა.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, პარალელურად კი, სპეციალურად შექმნილი ჯგუფის მიერ ხორციელდება 24-საათიანი მონიტორინგი. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფერდზე გაჩნდა ახალი ნაპრალები. ამასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი გააკეთებს განმარტებას. სამწუხაროა, რომ რიგი ექსპერტების მიერ მიზანმიმართულად ხდება არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც არის საზოგადოების დეზინფორმირება და მოსახლეობაში პანიკის დათესვა“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის ადგილზე როგორც მონიტორინგი, ასევე, კვლევის სამუშაოები მიმდინარეობს.

„დღეს კიდევ ერთი განცხადება მოვისმინეთ, თითქოს თბილისის მერია ადგილზე მუშაობის შესაძლებლობას არ აძლევს დამოუკიდებელ ექსპერტებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც მონიტორინგი, ისე კვლევის სამუშაოები არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება მაღალი რანგის სპეციალისტებისგან, მუშაობას უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს. რაც შეეხება გარე პირებს, მათი ადგილზე დაშვება შეზღუდულია, მხოლოდ და მხოლოდ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, მომავალი კვირიდან პროცესში ჩაერთვებიან უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიან მდგომარეობას, რის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოები დაიგეგმება.


გეოლოგი თეა გოდოლაძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაშლიჯვრის ფერდობზე ახალი ნაპრალებია გაჩენილი.

“ვიმყოფები მაჭავარიანის ქუჩაზე, მადაგონის წინა მხარეს. აქ დანაპრალებაა დაწყებული.

ესაა ბზარები, რომელიც ჯერ ხავსმოკიდებული არ არის. ახალი ბზარებია და იმ კონდიციამდე ჯერ არ არის მისული, მაგრამ ასეთი ტემპით თუ გაგრზელდა, იმ კონდიციამდეც მივალთ”. – ამბობს გოდოლაძე.

მის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ფერდის ძირში ჩანს საცხოვრებელი კორპუსები, რომელიც ახალი აშენებულია. “ქვემოთ ცდილობენ რომ წამოსული გრუნტი გააჩერონ ბეტონის კედლით. ეს აბსოლუტურად არარეალურია”. – ამბობს გოდოლაძე.

მისი თქმით, აუცილებელია პროცესის მონიტორინგი, რადგან ის დინამიკაშია მოსული.

“ბზარი ერთი არ არის, რამდენიმეა. ამას პროცესში არაკვალიფიციური ჩარევა იწვევს” – ამბობს გეოლოგი.