დღეს ენმ და ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებს სხვადასხვა ადგილას მართავენ

პუბლიკა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი სოლიდარობის აქცია 4 იანვარს, 18 საათზე, საქართველოში, 8 სხვადასხვა ადგილზე დააანონსა.

გუშინ, 3 იანვარს ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ 4 იანვარს აქციას მთავრობის ადმინისტრაციასა და შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართავენ.

მის ბრიფინგს გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქციის სხვა ლოკაციები და დრო 31 დეკემბერს შეათანხმეს და “სამწუხაროა, რომ ინდივიდები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის თემას გასახლეჩად იყენებენ.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ფეიგინის ინიციატივას სოლიდარობის აქციასთან დაკავშირებით, პარტიის მიერ დაგეგმილისგან განსხვავებულ ლოკაციაზე უერთდება. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სოლიდარობის აქცია პარტიის მიერ 31 დეკემბერს დაიგეგმა. მათ შორის, შეირჩა ლოკაციებიც საქართველოს ყველა დიდ ქალაქში.

აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ გენერალურ მდივანს ინფორმაცია მიაწოდა. შესაბამისად, პარტიის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მედიაშიც გაჟღერდა, სოლიდარობის აქცია თბილისში, 4 იანვარს, 18:00 საათზე, მშვიდობის ხიდზე გაიმართება.

ხოლო ლოკაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება არა 2, არამედ 8. 8 ლოკაციიდან 3 – თელავის, გორისა და რუსთავის აქციების ორგანიზება დაევალა ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ თავმჯდომარეებს.

პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენა არის ის საკითხი, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს და სამწუხაროა, რომ ინდივიდები მას გასახლეჩად იყენებენ.

სოლიდარობისა და მიშას სიცოცხლისათვის 4 იანვარს, 18 საათზე:

თბილისი – მშვიდობის ხიდი

ქუთაისი – პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია

ბათუმი – თავისუფლების კვარტალი, კონსტანტინე გამსახურდიას 9

ზუგდიდი – ზუგდიდის იუსტიციის სახლთან

ოზურგეთი – ბიძინა ივანიშვილის სახლთან (შეკვეთილში)“,- ვკითხულობთ ენმ-ის განცხადებაში.

მოგვიანებით პარტიის განცხადებას გამოეხმარა ხაბეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში და თქვა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდა „მშვიდობის ხიდზე“ დაგეგმილი აქციის შესახებ.

„მართლა გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვიცი [მშვიდობის ხიდზე აქციის შესახებ]. არ ვიცი, ყველა ადამიანს თავისი გამოხატვის უფლება… არ ვიცი, მე, როგორც პარტიის სამდივნოს წევრს, არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს, არც როგორც პოლიტსაბჭოს წევრს არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და ახლა ბოდიში, რომ ვიღაცების სოციალურ ქსელს არ ვკითხულობ“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.