დღეს ევროპარლამენტში მზია ამაღლობელზე დებატები გაიმართება - წარდგენილია რეზოლუციის 7 პროექტი

პუბლიკა

ევროპარლამენტში დღეს „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის შესახებ დებატები გაიმართება – საკითხი ასევე შეეხება საქართველოში მედიის თავისუფლებას. ამავე სათაურით ხვალ, 19 ივნისს ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას. ერთობლივი ტექსტი ამ ეტაპზე ევროპარლამენტის საიტზე არ იძებნება, თუმცა სხვადასხვა ჯგუფის მიერ წარდგენილია 7 დოკუმენტი.

ევროპარლამენტის სახელით EPP ჯგუფის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 2024 წლიდან საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის ტემპი საგრძნობლად გაიზარდა, რაც გამოვლინდა „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ოპონენტების სისტემატურ დევნასა და სამოქალაქო საზოგადოებისა თუ დამოუკიდებელი მედიის მიმართ ზეწოლაში.

„ოცნების“ რეპრესიული კანონების შეფასებისას აღნიშნულია, რომ ეს არის ავტორიტარული სტრატეგია კრიტიკული ხმების ჩასახშობად და რუსული მმართველობის მოდელის მიბაძვა. ამასთან, ხაზგასმულია, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო მრავალი მძიმე დარღვევით გამორჩეული;

რაც შეეხება მზია ამაღლობელის საქმეს, აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ უგულებელყო სამართლებრივი გარანტიები, მას წინასწარი პატიმრობა მკაფიო იურიდიული საფუძვლის გარეშე შეუფარდა, ხოლო მას საქმეს ხელმძღვანელობს მოსამართლე, რომელსაც არ აქვს სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია;
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ევროპარლამენტარები გმობენ:

  1. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, პოლიტიკურ ოპოზიციაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე განხორციელებულ სისტემურ შეტევას;
  2. გმობს მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობასა და დევნას, მოითხოვს მის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ამასთან, ყველა ბრალის მოხსნას, რაც უკავშირდება მის ჟურნალისტურ და სამოქალაქო საქმიანობას;
  3. გამოთქვამს შეშფოთებას ჟურნალისტების მიმართ დაკავებების, ჯარიმების, დისკრედიტაციის კამპანიების, სამართლებრივი ზეწოლისა და პოლიციელების ძალადობის მზარდი რაოდენობის გამო, რაც წარმოადგენს ფუნდამენტური უფლებების სერიოზულ დარღვევებს;
  4. გმობს ენმ-ის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, მეუღლის სავარაუდო ძალადობრივ გატაცებას და მისი შვილების უსაფრთხოების მიმართ მუქარების შესახებ გავრცელებულ ცნობებს. მოითხოვს დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიების დაწყებას და დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრისკენ გადადგმულ ქმედებებს;
  5. გმობს 21 წლის აქტივისტის, მათე დევიძისთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯას და მოითხოვს როგორც მისი, ასევე, ზურაბ „გირჩი” ჯაფარიძის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას;
  6. კვლავ მოითხოვს რეპრესიული კანონების გაუქმებას, დემოკრატიული ნორმების აღდგენასა და მედიისა და სამოქალაქო თავისუფლებების სრულ დაცვას;
  7. იმეორებს მოწოდებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიმართ, რომ დააწესონ კოორდინირებული ორმხრივი სანქციები „ქართული ოცნების” რეჟიმისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ, მათ შორის მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია მზია ამაღლობელის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავების, პატიმრობისა და სასამართლო პროცესის.

ევროპარლამენტში ევროპელი კონსერვატორების ჯგუფის(ECR) მიერ წარდგენილ რეზოლუციაშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაჩქარდა, რა დროსაც „დე ფაქტო მმართველმა პარტიამ” სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია სისტემატურად მოაქცია ზეწოლის, სამართლებრივი შეზღუდვებისა და ფიზიკური ძალადობის ქვეშ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მედიასივრცე პოლიტიკურად პოლარიზებულია და ახასიათებს ფართოდ გავრცელებული მანიპულაციები და დეზინფორმაცია – მითითებულია სტატისტიკური მონაცემები, როგორ ირღვეოდა მედიათავისუფლება ბოლო თვეების განმავლობაში, მათ შორის აღნიშნულია, რომ ათობით ჟურნალისტი გახდა ფიზიკური ძალადობის, ტექნიკის განადგურების, ადმინისტრაციული ჯარიმების, სისხლის სამართლის ბრალდებებისა და შევიწროების სამიზნე.

ECR-ჯგუფი მოუწოდებს „ქართულს ოცნებას”:

  1. დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და შეწყვიტონ მის მიმართ აღძრული ყველა საქმე;
  2. დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული მუქარები, დაშინება, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ფიზიკური ძალადობა;
  3. მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ძალადობისა და გადაცდომის ყველა ფაქტი. ხაზს უსვამს ისეთი დემოკრატიული გარემოს ხელშეწყობის მნიშვნელობას, სადაც მედიასაქმიანობას შიშისა და ცენზურის გარეშე შეძლებს;
  4. გამოხატავს წუხილს, რომ მედიისა და საინფორმაციო სივრცე დომინირებულია „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ტელევიზიებითა და მედიასაშუალებებით, რომლებიც ევროინტეგრაციის შესახებ ცრუ ნარატივებს ავრცელებენ და ამგვარად, ემსახურებიან კრემლის მიერ შთაგონებულ პროპაგანდას, ასევე, ხელს უწყობენ საზოგადოებაში პოლარიზაციას;
  5. შეშფოთებულია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ კრემლის ნარატივების მიამრთ თანხვედრით, რუსეთთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირების გაფართოებითა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის განზრახ შეფერხებით, რაც წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის კონსტიტუციურ და სტრატეგიულ პრიორიტეტებთან;
  6. მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუწესონ ინდივიდუალური სანქციები საქართველოს იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიის უკუსვლაზე, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, შალვა პაპუაშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს და გაავრცელოს ეს სანქციები მოსამართლეებზე, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ, ასევე, რეჟიმის ფინანსურ მხარდამჭერებსა და რეჟიმთან დაკავშირებული მედია საშუალებების მესაკუთრეებზე, დეზინფორმაციის გავრცელებაში მათი როლისა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობის გამო;
  7. კიდევ ერთხელ აჟღერებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების შესახებ მოთხოვნას, ჰუმანიტარული საფუძვლებით, რათა მას შეეძლოს მკურნალობის გაგრძელება საზღვარგარეთ.

ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ჯგუფი (S&D Group) წარდგენილ რეზოლუციაში აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მქონე პირების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და მედიის მიმართ მასობრივი დევნის ნაწილს, ხოლო მზია ამაღლობელზე პერსონალური თავდასხმები, მათ შორის „ოცნების” პრემიერის, ირაკლი კობახიძისა და სხვა წევრების მიერ, მზია ამაღლობელის „უცხოურ აგენტად” სტიგმატიზაცია აღიქმება როგორც განზრახული მცდელობა, შექმნან რეზონანსული პოლიტიკური დევნის პრეცედენტი, რომელიც დააშინებს დამოუკიდებელ მედიას;

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, S&D Group მოუწოდებს:

  1. „ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და გააუქმონ მის მიმართ წარდგენილი შეთითხნილი ბრალდებები;
  2. მოუწოდებს ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურსა (EEAS) და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააკვირდნენ სასამართლო პროცესს და ხელი შეუწყონ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას როგორც ამ, ისე სხვა მსგავს საქმეებში ქართველი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ, განსაკუთრებით სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობის შესახებ არსებული წუხილის ფონზე;
  3. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დამოუკიდებელი მედიისა და ჟურნალისტების შევიწროება და საქართველოს კონსტიტუციისა ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში ახსენებს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის შესახებ მათ ვალდებულებას;
  4. გამოხატავს სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ სამოქალაქო თავისუფლებების მზარდი შეზღუდვის წინააღმდეგ მათ პროტესტში და განსაკუთრებით მზია ამაღლობელის მსგავს ადამიანებთან მიმართებაში, ვინც დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის ბრძოლის პროცესში სიმბოლოებად იქცნენ;
  5. ხაზს უსვამს, რომ ახალი ცვლილებები კანონებში ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აქრობს დემოკრატიას და შესაბამისად, გაუქმების გარეშე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესს შეუძლებელს გახდის;
  6. კვლავ მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს მოქალაქეთა დევნა, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას;
  7. მოუწოდებს ევროკავშირს, გააგრძელოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დამცველებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სულ უფრო მეტად დგება ავტორიტარული გარემო, რასაც ამყარებს ისეთი რეპრესიული კანონები, როგორიცაა „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი.

Renew Europe Group-ის სახელით წარდგენილი რეზოლუციის ტექსტს, მზია ამაღლობელის საქმეზე აღნიშნულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ეჭვქვეშ დააყენა ამაღლობელის წინასწარი პატიმრობა, ხოლო მიზეზად დაასახელა მტკიცებულებების სიმცირე და პროცესუალური დარღვევები, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებს.

ამასთან, მითითებულია, რომ ეს საქმე აჩვენებს როგორ იყენებს ხელისუფლება სასამართლო სისტემას, რათა დასაჯოს მზია ამაღლობელი კორუფციისა და ხელისუფლების მიერ 2024 წლის არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ცნობების გამოაშკარავების გამო;

რეზოლუციაში ევროპარლამენტარები:

  1. მოუწოდებენ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას, მის წინააღმდეგ ყველა ბრალდების ჩახსნასა და მიუკერძოებელი გამოძიების წარმართვას მისი დაკავების გარემოებებისა და დაკავების დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ;
  2. კიდევ ერთხელ მოუწოდებს „ოცნებას”, გაათავისუფლონ მშვიდობიანი დემონსტრანტები, მედიის წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერები, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია და მათე დევიძე. მოუწოდებს ხელისუფლებას, პატივს სცენ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და თავი შეიკავონ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან;
  3. მკაცრად გმობს ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს; მოითხოვს დამოუკიდებელი გამოძიებების ჩატარებას, რათა პასუხსიგებაში მიეცნენ პასუხისმგებელი პირები;
  4. კიდევ ერთხელ მოითხოვს, გაუქმდეს ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონები, ამასთან, შეწყდეს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად მათი გამოყენება;
  5. გამოხატავს მწუხარებას, რომ მედიის და საინფორმაციო სივრცე მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი არხებით არის დომინირებული, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციისა და პროდემოკრატიული მოძრაობების შესახებ ცრუ ნარატივებს ავრცელებენ; გმობს ხელისუფლების მხრიდან ციფრული მედიის, ბლოგერებისა და ონლაინ პლატფორმების წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას, მათ შორის მათ გასაჩუმებლად კიბერშეტევებს, ინტერნეტის გათიშვებსა და შევიწროების გამოყენებას;
  6. იმეორებს მოწოდებას ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ, დააწესონ პერსონალური სანქციები, მათ შორის უვიზო რეჟიმი გაუუქმონ და გაუყინონ აქტივები საქართველოს ოფიციალურ პირებს, პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, მოსამართლეებსა და იმ უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც დემოკრატიის უკუსვლაზე არიან პასუხისმგებლები;
  7. აღნიშნავს, რომ სანამ ხელისუფლება არ აჩვენებს დემოკრატიული პრინციპებისადმი რეალურ ერთგულებას და არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები გაუმჯობესებული საარჩევნო პირობებით და ძლიერი საერთაშორისო დამკვირვებლებით, ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტისა და ერთპარტიული პარლამენტის არაღიარების პოლიტიკა; მოუწოდებს EEAS-სა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, ასევე წევრ ქვეყნებს, შეამცირონ დიპლომატიური ჩართულობა საქართველოს ოფიციალურ პირებთან;
  8. კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი; მოუწოდებს ევროკომისიას, გააძლიეროს ფინანსური დახმარება სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის. მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, დაუჭირონ მხარი საქართველოდან ემიგრაციაში მყოფ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებსაც.

ევროპარლამენტში ასევე წარდგენილია რეზოლუციის ტექსტი The Left Group-ის სახელით, სადაც:

  1. ხაზგასმულია, რომ გამოხატვის, შეკრებისა და მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას და მათი პატივისცემა აუცილებელია ნებისმიერ ვითარებაში; ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული და არასაჭირო ძალის გამოყენების ცნობებზე; გმობს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაპატიმრებას;
  2. მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ადამიანის უფლებებს, განსაკუთრებით პრესის თავისუფლებისა და პოლიტიკური უფლებების კუთხით;
  3. მოუწოდებს მზია ამაღლობელის გათავისუფლებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად უზრუნველყოს დამოუკიდებელი ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლება და მედია პლურალიზმი, მისი კონსტიტუციური და საერთაშორისო ვალდებულებების ფარგლებში;
  4. ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მომავალი უნდა განისაზღვროს მისი ხალხის ნების მიხედვით, თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი გარე ზეწოლისა და ჩარევისგან; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს სუვერენიტეტი და პოლიტიკური კურსი უნდა ასახავდეს მისი მოქალაქეების მისწრაფებებს; გმობს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების ძირის გამოთხრის მიზნით ნებისმიერ მცდელობას, შიდა იქნება ეს თუ გარე;
  5. იმეორებს, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესი ეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს; წუხს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერების გადაწყვეტილებაზე; ხაზს უსვამს უვიზო მიმოსვლის შეთანხმების სარგებელს და მის შენარჩუნების აუცილებლობას; აღნიშნავს საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირის შორის კონსტრუქციული დიალოგის დაწყების აუცილებლობას;

Verts/ALE Group-ის სახელით წარდგენილ პროექტს, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მზია ამაღლობელის საქმე განიხილება როგორც სიმბოლური მაგალითი იმ დაუსრულებელი რეპრესიული კამპანიისა, რომელსაც „ქართული ოცნება” აწარმოებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამასთან, აღნიშნულია, რომ დაკავების დროს მზია ამაღლობელი პოლიციის მხრიდან გახდა სექსისტურ შეურაცხყოფის სამიზნე, მათ შორის ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, მას, სავარაუდოდ, შეაფურთხა და ძალადობით დაემუქრა.

ასევე, მითითებულია, რომ საქართველოში პოლიცია სულ უფრო ხშირად მიმართავს გენდერულად მოტივირებული ძალადობას, მათ შორის დამამცირებელი გაშიშვლების პრაქტიკას პროტესტში მონაწილე ქალების მიმართ.

Verts/ALE Group რეზოლუციით:

  1. გმობს ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის უკანონო დაკავებასა და მის პოლიტიკურად მოტივირებულ პატიმრობას – მოითხოვს მის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შევიწროება, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და სხვა უკანონო დაკავებულები დაუყოვნებლად;
  2. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცნობებზე, მათ შორის მზია ამაღლობელის საქმის ფარგლებში, რომ სისტემატურად გამოიყენება გენდერულად მოტივირებული ძალადობა პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯის მიზნით;
  3. წუხს, რომ ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების მხრიდან „ქართული ოცნების” ქმედებების დაგმობა არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ პასუხისმგებელ პირებზე ქმედებებით ჯერ კიდევ არ იგრძნობა.. კვლავ მოუწოდებს სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილზე, ასევე სახელმწიფო მოხელეებსა და სამართალდამცავებზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობრივ ზომებზე;
  4. აღნიშნავს შეშფოთებას, რომ შავი ზღვის სტრატეგიაში ევროკავშირის გეგმები შესაძლოა ნიშნავდეს საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზაციას;
  5. მოითხოვს ევროკავშირმა გაზარდოს მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებელი მედიებისთვის, განსაკუთრებით FARA-ს ძალაში შესვლის შემდეგ.

ევროპარლამენტში რეზოლუცია ასევე წარდგენილი აქვს ESN Group, რომელიც აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ძალიან პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში; ამასთან, აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, ჩატარდა ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების ფართო შესაბამისობით და „საქართველოს მოსახლეობამ მკაფიო არჩევანი გააკეთა ახალი მთავრობის შემადგენლობის შესახებ”.