დღეს „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილთან ინტერვიუ გავა

პუბლიკა

დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ გავა. გადაცემის ანონსი უკვე გავიდა ტელეკომპანიის ეთერში.

ინტერვიუ „იმედის ფაქტორში“ დღეს, 9 მარტს, 22:00 საათზე გავა. გადაცემის ანონსიდან ჩანს, რომ ინტერვიუსთან ერთად მაყურებელი მოისმენს მამუკა მდინარაძის, ზაზა შათრირიშვილის, ვიქტორ სანიკიძის, გური სულთანიშვილისა და სხვების მოსაზრებებს.

„როგორია უკანონოდ მოპოვებული და მრავალჯერ გადამონტაჟებული საუბრების რეალური შინაარსი? როდის დაიწყო ნაცმოძრაობამ მუქარის, ცილისწამებისა და შეურაცხყოფის კამპანია? და ვინ დგას ბულინგისა და ფსიქოლოგიური ტერორის უკან?“, – ამბობს წამყვანი გადაცემის ანონსში.

ტელეკომპანია „პირველმა” 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.