დღის ბოლომდე გეცოდინებათ შეთანხმება შედგება თუ ვერ შედგება | ბაქრაძე

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ.

შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.

დავით ბაქრაძის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და შეთანხმებისამებრ დეტალებზე არ ისაუბრა.

„მე შემიძლია ვთქვა, რომ დღეს მოლაპარაკებებში გვქონდა პოზიტიური დინამიკა, მაგრამ ასევე მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა. 6 პუნქტიანი ჩარჩო დოკუმენტი შეთანხმებული არაა, თუმცა ვიმეორებ, რომ დინამიკა პოზიტიურია. შეხვედრები გაგრძელდება დანიელსონის წასვლამდე. ჩვენ კიდევ გვექნება დღეს ამ ოფისში შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ ყველა ერთად მოვახერხებთ ბოლომდე მივიყვანოთ პროცესი და მოვძებნოთ გამოსავალი. პროგრესი იყო, დღევანდელი შეხვედრა იყო პოზიტიური. შეთანხმება ჯერ მიღწეული არაა ამასაც გიდასტურებს, მაგრამ მსვლელობა შეთანხმების მიღწევისკენ გრძელდება.“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, დანიელსონის დღის გრაფიკიდან გამომდინარე მათი ამოცანაა, რომ საბოლოო შეთანხმება დღეს დღის ბოლომდე მოხდეს.

„ამიტომ შეთანხმება შედგება თუ ვერ შედგება და თუ შედგება რა ეწერება ყველაფერი გეცოდინებათ დღის ბოლოს.“ – განაცხადა ბაქრაძემ.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის და ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელს მონაწილეობით „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დილიდან მართავს.

პირველი შეხვედრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან გაიმართა. შემდეგ შეხვდა სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.  ამჯერად შეხვედრა ისევ „ქართული ოცნების“ წევრებთან უნდა გაიმართოს და დღის ბოლოს სავარაუდოდ უნდა ჩაინიშნოს მხარეების მონაწილეობით ერთობლივი შეხვედრა.

გავრცელებული ინფორმაცია კრისტიან დანიელსონმა საქართველო ხვალ, 14 მარტს უნდა დატოვოს.