დიდ უნივერსიტეტებთან მოეწყობა ამცრელი სივრცეები, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრებიან – გამყრელიძე

პუბლიკა

„ჩემი უმორჩილესი თხოვნაა მოსახლეობისადმი, გარდა წინასწარი დაჯავშნისა, აქტიურად მივმართოთ ყველა ამცრელ სამედიცინო დაწესებულებას, ასეთი 184-ია ქვეყანაში, 354 ბრიგადით“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„დღეს, მაგალითად გაიხსნა მცხეთაში დიდი ამცრელი ცენტრი. ხვალ იწყებს ამცრელი ცენტრი მუშაობას ტექნიკური უნივერსიტეტის მეშვიდე კორპუსში, რომელიც 10 ბრიგადით არის დაკომპლექტებული, არის აფილირებული რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან და მენეჯმენტს რესპუბლიკური საავადმყოფო აწარმოებს. ასეთივე ამცრელი ცენტრები მომავალი კვირების განმავლობაში გაჩნდება რამდენიმე დიდ უნივერსიტეტთან საუნივერსიტეტო სივრცეებში. ასეთი იქნება თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რომ ადამიანებმა შეძლონ, მივიდნენ ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე და აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 15% სწორედ ამგვარად, წინასწარი დაჯავშნის გარეშე აიცრა.