დილით სააკაშვილი 69 კგ-ს იწონიდა, თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ - 65 - „ვივამედის" კლინიკური დირექტორი

პუბლიკა

„დღეს დილით სააკაშვილი 69 კგ და 700 გრამს იწონიდა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ – 65. იგი დამხმარე საშუალებებით გადაადგილდება, ძირითადად კი წევს”. – ამის შესახებ „ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე საუბრობს.

მისი თქმით, ერთია სამედიცინო მხარე, რომელიც ცდილობს, პაციენტს დაეხმაროს და მეორეა პაციენტი, რომელიც უნდა ეცადოს, რომ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს.

„ამ შემთხვევაში, თანხვედრა არ გვაქვს. გიული ალასანიას შესვლის უფლება აქვს და მოვუწოდებ, პაციენტი დაარწმუნოს, დაექვემდებაროს რეკომენდაციებს და მიიღოს დანიშნულება” – ამბობს ექიმი.

ჩხაიძე ამბობს, რომ სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესების მიმართ, უკმაყოფილებას გამოთქვამს თუნდაც კოვიდშეფასების მიმართ – „ის, რაც რეალობაა და რა რეალობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით და რაოდენობით, რაც არის რეკომენდებული. მან ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება. საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა”.

„თუ ეს ასე გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ მოხდეს ადამიანის დარწმუნება, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას. სხვა დანარჩენ შემთხვევაში ამან შეიძლება მართლა მიიყვანოს ფატალურ შემთხვევამდე. ვიმეორებ, კლინიკა ყველა შესაძლებლობას იყენებს გაუმჯობესდეს მისი მდგომარეობა“ – ამბობს ზურაბ ჩხაიძე.