„დროა“ უარს ამბობს საარჩევნო კამპანიის დროს ხალხმრავალი შეკრების ორგანიზებაზე

პუბლიკა

ელენე ხოშტარიას პარტია „დროა“ ხელისუფლებისგან კონცერტების, მასობრივი შეკრებების გაუქმებასა და აცრის მობილური პუნქტების გახსნას მოითხოვს.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, პარტიამ უარი თქვა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზეც. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია.

„საქართველოში საგანგაშო ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5697 ადამიანი დაინფიცირდა და 54 გარდაიცვალა. გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ ვერ აწარმოა ვაქცინაციის ეფექტიანი კამპანია, თავადვე არღვევს რეგულაციებს. ეპიდემიოლოგების მოწოდების ფონზე, რომ თავი შევიკავოთ მასობრივი თავყრილობებისგან, მთავრობა აწყობს მასობრივ კონცერტებს და მეტიც, ამაში 700 000 ლარს ხარჯავს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი კი მონაწილეობს „ქეიფში“ და ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

პარტია „ელენე ხოშტარია – დროა“ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან:

• დაუყოვნებლივ გააუქმოს ყველა კონცერტი და მასობრივი შეკრება, რაც დიდი ალბათობით გახდება ადამიანების ინფიცირების წყარო.

• გახსნას აცრის მობილური პუნქტები, სადაც ადამიანები ერთ სივრცეში შეძლებენ დარეგისტრირებას და ვაქცინის გაკეთებასაც. ხშირად, რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი, აცრის პუნქტები შორს არის, რაც დამატებითი დაბრკოლებაა ვაქცინაციის მსურველებისთვის.

მზად ვართ, მოხალისეობისთვის და ნებისმიერ თქვენგანს დავეხმარებით ვაქცინაზე რეგისტრაციის პროცესში. დახმარების საჭიროების შემთხვევაში, დაგვირეკეთ ნომრებზე – 599 192 277; 598 642 956;

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობისა და მოახლოებული არჩევნებისა, პარტია „ელენე ხოშტარია – დროა“ უარს ვამბობთ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე. მოვუწოდებთ ყველას, კამპანია ჩავატაროთ უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფით – პირბადითა და სოციალური დისტანციის დაცვით“, – წერია „დროას“ განცხადებაში.