ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფო“ „სილქნეტის“ არხებს დაემატა - მხარეები შეთანხმდნენ

პუბლიკა

ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფო“ კომპანია „სილქნეტის“ არხებს დაემატა. კომპანიის წარმომადგენელმა, კახი ყურაშვილმა კომუნიკაციების კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ კომპანიამ „ალტ-ინფოსთან“ შეთანხმება 8 სექტემბერს გააფორა.

კომუნიკაციების კომისიაში „სილქნეტის“ წინააღმდეგ „ალტ-ინფოს“ საჩივრის დასაშვებობის თაობაზე დღეს, 9 სექტემბერს უნდა ემსჯელა, თუმცა მხარეები საჩივრის განხილვამდე შეთანხმდნენ.

ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფომ“ კომპანია „სილქნეტს“ მაუწყებლობის გავრცელების მოთხოვნით მარეგულირებელში 17 ივნისსაც უჩივლა, თუმცა საჩივარი რამდენიმე კვირის შემდეგ უკან თავადვე გამოითხოვა. „სილქნეტი“ „ალტ-ინფოს“ მაუწყებლობის გავრცელებაზე უარს კი ტექნიკური მიზეზით ასაბუთებდა.


5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზება რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო. ძალადობრივი, ჰომოფობიური, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ წევრები საკუთარი არხის ეთერით მაყურებელს დანაშაულისკენ მოუწოდებდნენ, აქეზებენ ძალადობისკენ და 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ ძალადობრივ ჯგუფებში გაწევრების გზებსაც სთავაზობდნენ.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შედეგად მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. რამდენიმე მათგანს ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა. ამ დრომდე სამართალდამცავ უწყებებს ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არცერთი პირი არ დაუკავებია.

31 აგვისტოს „5 ივლისის საქმეზე“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკიდან“ გაითხოვა ორი ვიდეომასალა, რომლებშიც „ალტ-ინფოს“ წევრები ფიგურირებენ. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს შემდეგი მუხლებით:

  • სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი – ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი;
  • 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა;
  • 156-ე მუხლის მე -2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტი – ადამიანის დევნა ძალადობით ან ძალადობის მუქარით პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით;
  • 154-ე მუხლის მე-2 ნაწილი – ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ჩადენილი ძალადობის მუქარით.