„მათი უმრავლესობის პროტესტი სრულიად არაგულწრფელი იყო“ | წილოსანი პოზნერის ვიზიტზე

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნინო წილოსანი თბილისში ვლადიმერ პოზნერის ჩამოსვლას და საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

„ის ადამიანები, რომლებიც გუშინ პოზნერის ვიზიტს აპროტესტებდნენ, მეორე ხელით სულ ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევიან პარლამენტში არშემოსვლით, რუსეთის საქმის კეთებით,  თავიანთი მმართველობის დროს არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის რუსებზე გადაცემისა და უამრავი სხვა ფაქტორით, რომელიც მარწმუნებს იმაში, რომ მათი უმრავლესობის პროტესტი სრულიად არაგულწრფელი იყო.

სამწუხაროდ, დეტალურად არ ვიცი, რამდენად ჰქონდათ მათ საშვები; საერთოდ ჰქონდათ თუ არა; დროის რა მონაკვეთში გადაადგილდებოდნენ; ძალიან არასერიოზულია, მხოლოდ ვიდეოკადრებით აკეთო განცხადებები. მე არ მაქვს ინფორმაცია, დროის რა მონაკვეთში იყვნენ ისინი გადაადგილების პროცესში. აქედან გამომდინარე, ამაზე დეტალურ ინფორმაციას აღმასრულებელი ხელისუფლება მოგცემთ და ალბათ, იქნება დასაბუთება.

ოკუპანტი არის ოკუპანტი და მისი ნებისმიერი მცხოვრები და წარმომადგენელი, ბუნებრივია, ასე ფიქრობდეს. რა თქმა უნდა, ვგმობთ ოკუპაციას და ნებისმიერ მსგავს განცხადებას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.


რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი, რომელიც  ვლადიმირ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.

პოზნერის ვიზიტს სამოქალაქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი იმ რესტორანთან მივიდნენ, სადაც ტელეწამყვანი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელის“ დატოვება. მოგვიანებით აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.

ვლადიმირ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და ქვეყანა გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ  დააჯარიმა, ასევე, სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.