ძალიან სამწუხაროა ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმი - კარპენტერი მელიას დაკავებაზე

პუბლიკა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და ბაიდენის ცენტრის ხელმძღვანელი მაიკლ კარპენტერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

„ძალიან სამწუხარო მოვლენებს ვუყურებ საქართველოში ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისზე შტურმით. ვიმედოვნებ, რომ წყნარი გონებით მოქმედება გადაწონის და სიტუაციის დეესკალაცია ჯერ კიდევ შესაძლებელია“, – წერს მაიკლ კარპენტერი Twitter-ზე.

ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქტივისტებს აკავებენ.

„პუბლიკის“ რეპორტიორის მიერ მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მათ საპატრულო მანქანებში სვამენ და ტერიტორიას არიდებენ.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. მისი აყვანის წინ ოფისში, სავარაუდოდ, ცრემლმდენი საშუალება გაუშვეს, მანამდე კი პოლიციამ იქ შეკრებილი ადამიანები შენობიდან გამოიყვანა.