ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ იმუნიზაციის მიმდინარეობაზე დასმულ კითხვებს უპასუხა.
მისი თქმით, სექტემბერში აქტივობა აგვისტოსთან შედარებით დაბალი იყო.
„ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს თბილისსა და აჭარას. დანარჩენი რეგიონები ერთ დონეზეა. ნოემბერ-დეკემბერში ჩვენ რომ მეტი კუმულაციური იმუნიტეტი გვქონდეს, საჭიროა მაქსიმალურად გააქტიურდეს აცრები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლს ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოზე იმუნიზაციის პროცესის გასააქტიურებლად წარადგინა რეკომენდაციების პაკეტი, სადაც საუბარია როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ მანდატორულ მექანიზმებზე.
„არსებობს მანდატორიზმის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მექანიზმები, რომლებიც აპრობირებულია რიგ ქვეყნებში და იმედია ჩვენთანაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ დაახლოებით მილიონი ადამიანი გვყავს აცრილი. დაახლოებით მილიონამდე ადამიანი გვყავს ახლა აცრილი, 760 ათასამდე არის ორჯერ აცრილი. ჩავთვალოთ, რომ მილიონი ადამიანი ერთჯერადაც ქვეყანაში აცრილია.
ძლიერი საკუმუნიკაციო კამპანიით ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით 150, 200 ათასი ადამიანი მოვიყვანოთ აცრაზე თავისი ნებით. სამიზნე კი, როგორც ცნობილია, თქვენთვის მილიონ 700 ათასი ადამიანია. რაც სამიზნე ჯგუფების 60%-ია, თუმცა დელტა შტამის ცირკულაციის პირობებში უფრო მეტის აცრაა სასურველი.
სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, დაახლოებით 40%-ს მოსახლეობის გადატანილი აქვს და ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში უფრო მეტი და მეტი კუმულაციური იმუნიტეტია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, ყველაზე კარგად აცრილი ჯგუფი ექიმები არიან.
„78%-ია ექიმების ერთჯერად აცრილი და 70% ორჯერადაც. ექიმები კარგად მოცული ჯგუფია. შედარებით ნაკლებია ექთნები და სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე ადმინისტრაცია.
მასწავლებლებში ერთჯერად აცრილია 63% და ორჯერადად – 43%. მანდატორიზმს ვუჭერ მხარს ამ ორი ჯგუფისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.