ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობაზე | ომბუდსმენის ანგარიში

პუბლიკა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური ანგარიში წარადგინა, რომელიც ეხება 2019-2020 წლებში ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გავლენას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე.

ომბუდსმენის თქმით, 2019 და 2020 წლებში ორივე ოკუპირებულ რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო რამდენჯერმე შეიზღუდა გადაადგილება. კოვიდპანდემიამ ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა.

სახალხო დამცველის შეფასებით, განსაკუთრებით ყურადსაღებია ოკუპირებულ ახალგორში არსებული მძიმე უფლებრივი მდგომარეობა და ჰუმანიტარული კრიზისი.

„2019 წლის 4 სექტემბრიდან გამშვები პუნქტის თვითნებური ჩაკეტვის შედეგად ათეულობით ადამიანის გარდაცვალების ფაქტებმა ნათლად წარმოაჩინა სამედიცინო დახმარების სავალალოდ დაბალი ხარისხი და თავისუფალი მიმოსვლის სასიცოცხლო მნიშვნელობა.

ჩაკეტვამდე ოკუპირებული ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტით სათანადო სამედიცინო დახმარების, საკვების, პენსიის თუ სხვა საარსებო სერვისების მისაღებად ყოველდღიურად 400-მდე ადამიანი სარგებლობდა.

ენგურის ხიდზე არსებული ე.წ. გამშვები პუნქტით კი, სრულად გახსნის შემთხვევაში, დღიურად 1400-1500 ადამიანი გადაადგილდებოდა. დღესდღეობით ეს რიცხვი 20-30-მდე შემცირდა, “- ნათქვამია ანგარიშში.

სპეციალურ ანგარიშში ასევე, დეტალურად არის გაანალიზებული საოკუპაციო ხაზზე, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის მანკიერი პრაქტიკა. ასევე, პატიმართა ცემა და არასათანადო მოპყრობის საკითხები.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანებს, უმეტეს შემთხვევაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აკავებენ და მათ ჯარიმის გადახდის შემდეგ ათავისუფლებენ. ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით, პირთა უკანონო პატიმრობა ძირითადად 2-3 დღე გრძელდება, თუმცა ბოლო პერიოდში დე ფაქტო

მთავრობამ პოლიტიკა შეცვალა და სისხლის სამართლის საქმეების წარმოება დაიწყო. (ვაჟა გაფრინდაშვილის, გენადი ბესტაევის, ირაკლი ბებუას, ზაზა გახელაძის, რამაზ ბეღელურის, მირიან თაზიაშვილის და ხვიჩა მღებრიშვილის შემთხვევები).

იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში წამებისა და არასათანადო მოპყრობის ნათელი მაგალითია 2020 წლის 3 ივლისს უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის საქმე და 28 წლის ინალ ჯაბიევის ცემით გარდაცვალების ფაქტი, “- წერია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე გაანალიზებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოვიდ 19-თან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობა და საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტაციის საკითხი.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილებისთვის, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დადგენილი ფორმალური რეჟიმი და სხვადასხვა ბარიერის დაწესება, როგორიცაა ე.წ. გამშვები პუნქტების არაპროგნოზირებადი ჩაკეტვა, უკანონო დაკავებები, გადაადგილებისათვის აუცილებელ დე ფაქტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა, ზღუდავს ოკუპირებული რეგიონების მკვიდრთა გადაადგილების თავისუფლებას და გაუმართლებელ დაბრკოლებებს უქმნის მათ საარსებო წყაროებზე წვდომაზე.

„მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, ყველა შესაძლო მექანიზმი გამოიყენოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებების დარწმუნების გზით, კონფლიქტურ რეგიონებში საერთაშორისო წარმომადგენლობების დაშვების უზრუნველსაყოფად, “- ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.