ე.წ კანონიერი ქურდი ზაქარია (შაქრო) კალაშოვი საპატიმროს ვადაზე ადრე ტოვებს

პუბლიკა

კრასნოდარის სასამართლომ ე.წ კანონიერი ქურდის ზაქარია (შაქრო) კალაშოვის საპატიმროდან ვადამდე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

გამოცემა „ჟიზნის“ წერს, რომ შუამდგომლობა 70 წლის კალაშოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდებოდა.

ზაქარია კალაშოვი, იგივე „შაქრო მალადოი“, მოსკოვის სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დამნაშავედ 2018 წელს ცნო და მას 9 წლით და 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

კალაშოვი დამნაშავედ ცნეს მოსკოვში მდებარე რესტორნის, Elements-ის მფლობელისთვის 8 მილიონი რუბლის გამოძალვაში.

კალაშოვი 2016 წელს დააკავეს და მას პატიმრობის ვადა 2026 წელს ეწურებოდა.