„ეფარებოდა კამერას, დამცინავი ღიმილით ცეკვავდა ქართულ ჰიმნზე“ - ჟურნალისტი საგამოძიებოში გამოკითხეს

პუბლიკა

„TV პირველის“ ჟურნალისტი გიორგი ხუხია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გასაუბრებაზე იმყოფება. ჟურნალისტი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქემ ჟურნალისტურ საქმინობაში ხელი შეუშალა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„პუბლიკა“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუკავშირდა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, დაიწყება თუ არა გამოძიება.

გიორგი ხუხია საინფორმაციო გამოშვებას პირდაპირ ეთერში ერთვებოდა თბილისში მდებარე ერთ-ერთი ოფისიდან, სადაც უცნობი პირი კადრში შემოჭრის გზით ცდილობდა ეთერის ჩაშლას.

„იქ იყო მიზანმიმართულად ეთერის ჩაშლის მცდელობა, ის კადრში იჭრებოდა და ეს გაგრძელდა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, ეფარებოდა კამერას, სანთებელას დემონსტრაციულად ანთებდა კამერის წინ, ტელეფონში საქართველოს ჰიმნი ჩართო და კამერის წინ დამცინავი ღიმილით ცეკვავდა საქართველოს ჰიმნზე.

3 დღეა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან ვცდილობთ ინფორმაციის მოპოვებას, გაარკვიონ, რა ხდება ამ ოფისში. თავიდან ზარს პასუხობდნენ, ბოლო ორი დღეა, საერთოდ უკონტაქტო გახდა ეს უწყება”, – ამბობს გიორგი ხუხია.

ცნობისთვის, „ნოდარ მელაძის შაბათის” ინფორმაციით, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ოფისში რუსეთიდან ჩამოსული პირების ჯგუფი საქართველოს მოქალაქეების ანგარიშებს პირადი მიზნებისთვის იყენებს. TV პირველის ცნობით, აღნიშნული კომპანია რუსეთიდან გადმორიცხულ ფულს ქართველი ახალგაზრდების დახმარებით ანაღდებს და სავარაუდოდ, ასე ხდება სანქციებისგან გვერდის ავლა.

„ჩვენ აქ უკანონოს არაფერს ვაკეთებთ. აქ მოდის ჩვენი ხალხი და ვმუშაობთ. ჩვენი საქმიანობა კრიპტოვალუტის ბიზნესია, ეს ახალგაზრდები კი, ვინც აქ დადის, უბრალოდ, გვეხმარებიან და მათ ვასაჩუქრებთ. გვყავს, ალბათ, ათასი ქართველი მეგობარი, მათ სხვადასხვა გზით ვპოულობთ. დავდივართ უნივერსიტეტებში და ა.შ.“, – ამბობენ ოფისში მომუშავე რუსეთის მოქალაქეები TV პირველთან.