ელჩი: გაწევრების პროცესში მთავრობას მოუწევს შრომის სტანდარტების მხრივ აცდენები გამოასწოროს

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ახალ ვიდეოში, საზოგადოების შეკითხვებს პასუხისას, კანდიდატის სტატუსსა და გაწევრების მნიშვნელობაზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოსახლეობის მიერ ევროპული მომავლის ძლიერი მხარდაჭერის აღიარებაა.

„საქართველოს მომავალი ევროკავშირში რამდენიმე მნიშვნელოვანი და ცნობილი 9 ნაბიჯის შესრულებას უკავშირდება. მათი შესრულება გადამწყვეტია საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნას მოიცავს. ყველა ამ ნაბიჯის და ეტაპის მიზანი არაა იყოს „ბრიუსელის მოსაწონი“; მათი მიზანი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების გაუმჯობესება და საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაა.

ვინაიდან საქართველო ევროკავშირში გაწევრების გზას დაადგა, პოლიტიკურმა ლიდერებმა კონსტრუქციულად ერთად უნდა იმუშაონ, ჩართონ სამოქალაქო საზოგადოება და ბიზნესი საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ევროკავშირი ამ გზის ყოველ ნაბიჯზე საქართველოს მხარს დაუჭერს.

თეონამ ასევე იკითხა, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას, როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, წვლილის შესატანად საქართველოს მიზნის მიღწევაში – ერთ დღეს ევროკავშირის ნაწილი გახდეს. თეონა, ევროკავშირის ღირებულებებისადმი თქვენი მხარდაჭერის გამოხატვა წინ მიმავალი გზაა. როგორც თქვენ ამბობთ, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები უნდა იყოს საქართველოს კომპასი ევროკავშირში გაწევრების გზაზე”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება გაწევრების შემდეგ მიღებულ სარგებელს, ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ნიშნავს EU-ის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით სარგებლობას, სოციალურ დაცვას, სავალდებულო დაზღვევას, პენსიებსა და ხელფასებს.

„ევროკავშირში გაწევრების პროცესის ფარგლებში, საქართველომ დასაქმებისა და შრომის სფეროში არსებული მთელი თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონთა კრებულთან, ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს, და მისი აღსრულება უზრუნველყოს. ეს სამუშაო პირობებთან, სამუშაო საათებთან, დისკრიმინაციის აკრძალვასა და თანამშრომელთა სხვა უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებულ დადებით ცვლილებებს მოიცავს.

ვინაიდან ევროკავშირის წევრობა საბოლოო ჯამში „ოთხი თავისუფლების“ – საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების მიღებას და ამ თავისუფლებებით სარგებლობას ნიშნავს – როგორც კი საქართველო ევროკავშირში შევა, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე სრული შრომითი უფლებებით ისარგებლებენ. მათ შორისაა სოციალური დაცვა და სავალდებულო დაზღვევა, ოფიციალური დასაქმება, ხელფასები და პენსიები. გაწევრების პროცესში საქართველოს მთავრობას მოუწევს საქართველოსა და ევროკავშირს შორის შრომის სტანდარტებისა და სოციალური დაცვის კუთხით არსებული აცდენები გამოასწოროს”, – თქვა ჰერჩინსკიმ.