EMC თბილისის მერიას შენობების დემონტაჟის შეწყვეტისა და უსახლკაროების დაცვისკენ მოუწოდებს

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) თბილისის მერიას მოუწოდებს, შეწყვუტოს შენობების დემონტაჟი და დაიცვას უსახლკაროები.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 25 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას დაავალა, დედაქალაქში უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთებზე აშენებული შენობა-ნაგებობების დროული დემონტაჟი.

EMC წერს, რომ მერიის ეს გადაწყვეტილება ფორმალურად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას მყისიერ საფრთხესაც უქმნის.

ორგანიზაციის განცხადებით, კალაძის განცხადებაში არ არის შეფასებული და გათვალისწინებული ნაგებობების დემონტაჟის შემთხვევაში მასში მცხოვრები პირების ქუჩაში, მიუსაფარ მდგომარეობაში, აღმოჩენის რისკები და არ არის დასახული ამ საფრთხეებისგან დაზღვევის გზები, მით უმეტეს, კორონავირუსისა და ზამთრის პირობებში.

„თბილისის მერის ეს განცხადება ნათლად აჩვენებს უსახლკაროთა მიმართ მუნიციპალიტეტის ნულოვან მგრძნობელობას, საკუთარი პასუხისმგელობისა და ვალდებულებების უგულვებელყოფას, რასაც თან ახლავს მასობრივი სადამსჯელო ღონისძიების დაანონსება ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების მიმართ“, – წერს EMC.

ორგანიზაციისთვის ნათელია, რომ პანდემიის პირობებში საცხოვრისიდან გამოსახლების შემთხვევებზე გამოცხადებული მორატორიუმი, დემონტაჟის შემთხვევებზე არ გავრცელდა.

„საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით, შენობების ნგრევისას პირების გამოყვანა ქვეყანაში გამოსახლების სახედ საერთოდ არ მიიჩნევა და იგი მხოლოდ სამშენებლო სამართალდარღვევის კუთხით განიხილება. შესაბამისად, არსებული რეგულაციები არ ითვალისწინებს შესაბამისი მუნიციპალური და სოციალური სამსახურების მიერ შენობაში მცხოვრები პირების საჭიროებების, მათ შორის, უსახლკარობის რისკების, იდენტიფიცირებისა და მათი ადეკვატური მხარდაჭერის შესაძლებლობას, რაც კიდევ უფრო მძიმე უფლებრივ მდგომარეობაში აყენებს ამგვარ ნაგებობებში მყოფ პირებს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, სახელმწიფო ობიექტებში უნებართვოდ და თვითდახმარების მიზნით მცხოვრები პირებისათვის ფართების პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებისგან მერის ამჟამინდელი პოზიციის მკვეთრი შინაარსობრივი განსხვავება, უსახლკაროთა მიმართ პოზიტიური ღონისძიებების წინასაარჩევნო პროცესში ინსტრუმენტად გამოყენების ცხადი დადასტურებაა“, – ამბობს ორგანიზაცია.

EMC-ის შეფასებით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე შექმნილი კრიზისული მდგომარეობის პარალელურად, უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის არარსებობა და საცხოვრისის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი უწყებების მიერ საკუთარი ვალდებულებების არასაკმარისი გააზრება უამრავი ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების საფუძველი ხდება.

ორგანიზაცია მოუწოდებს:

თბილისის მუნიციპალიტეტს:

  • მიიღოს მყისიერი ზომები თბილისის ქუჩებში მცხოვრები მიუსაფარი პირების დაუყოვნებლივი იდენტიფიცირებისა და მათი შესაბამისი თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია პანდემიისა და ცივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით;
  • დაუყოვნებლივ შეაჩეროს შენობა-ნაგებობების დაანონსებული დემონტაჟის პროცესი და თავიდან აიცილოს მასში მცხოვრებ პირთა ქუჩაში, მიუსაფარ მდგომარეობაში აღმოჩენის საფრთხე;
  • შეისწავლოს ამგვარ შენობებში მცხოვრებ პირთა საჭიროებები, მათ წინაშე არსებული გამოწვევები და გადაიდგას ნაბიჯები მათი მხარდაჭერისა და გაძლიერების მიმართულებით;
  • შენობა-ნაგებობების დემონტაჟის საკითხების განხილვისას, რამაც პირთა საცხოვრისიდან გამოყვანა და უსახლკარობის საფრთხის წინაშე აღმოჩენა შეიძლება გამოიწვიოს, უპირობოდ იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით.

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:

  • საცხოვრისის დემონტაჟისას მასში მცხოვრებ პირთა გამოყვანა აღიაროს, როგორც გამოსახლება და მასზე გავრცელდეს ქვეყანაში არსებული მორატორიუმის რეჟიმი;
  • უმოკლეს ვადაში გადაიხედოს გამოსახლების მარეგულირებელი კანონმდებლობა და პრაქტიკა და შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან.

განცხადება სრულად იხილეთ ბმულზე.