საქართველოს პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების საკითხთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართეს.
დეპუტატების მიმართვის მიხედვით, საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, მილიონზე მეტი მოქალაქეა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2021-2022 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში წავიდა 87 222 ადამიანი. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით კი – 244 966 ადამიანი. 2023 წლის მარტში „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად – საქართველოდან წასვლაზე ყოველი მეექვსე ადამიანი ფიქრობს“, – აღნიშნულია მიმართვაში.
შეკითხვები შეეხებოდა საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობას და საზღვარგარეთ საარჩევო უბნების გახსნას:
„1. საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრებ იმ მოქალაქეთა რაოდენობა ძალიან დიდია, რომლებსაც ძირითადად არჩევნებში მონაწილეობის შიში აქვთ და ფიქრობენ რომ ეს მათ დეპორტირებას გამოიწვევს. ემიგრანტების უმეტესობა ინფორმირებული არ არის, რომ უცხო ქვეყანაში არჩევნებში რეგისტრაცია ხდება მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ამა თუ იმ ქვეყენაში ამა თუ იმ პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე. უწარმოებია თუ არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანია ან/და გაუკეთებია თუ არა აქამდე განცხადება იმის შესახებ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში ჩართვა მათ სამართლებრივ მდგომარეობას საფრთხეს არ უქმნის, არის თუ არა გეგმაში ამგვარი კამპანიის წარმოება, რა მოსაზრება აქვს სამინისტროს ამასთან დაკავშირებით?
2. იგეგმება თუ არა დამატებითი საკონსულოების შექმნა, რათა მაქსიმალურად დიდი რაოდენობით გაიხსნას საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ, რომ მოქალაქეებს არ მოუწიოთ ათასობით კილომეტრის გავლა არჩევნებში მონაწილეობისთვის; რა გეგმები აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულოების დამატებისა და შესაბამისად საარჩევნო უბნების გაზრდის მიმართულებით?“
საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხი
დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზანია საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების ყველა უფლების და კანონიერი ინტერესების დაცვა, არა მხოლოდ საარჩევნო უფლების.
მინისტრის პასუხის მიხედვით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა ნებაყოფლობითია და საკონსულოს წარმომადგენლები მოქალაქეებთან კომუნიკაციის დროს, დიასპორასთან შეხვედრაზე, სხვადასხვა ღონისძიებების ფარგლებში, ხაზს უსვამენ იმას, რომ აღრიცხვაზე დადგომა და არჩევნებში მონაწილეობა არ უკავშირდება სამართლებრივ შედეგს. მისივე თქმით, ცესკოსთან ერთად დაგეგმილია ფართომასშტაბიანი კამპანიაც. მან ასევე აღნიშნა, რომ აღრიცხვაზე დადგომის პროცედურები გამარტივდა.
„საკონსულო აღრიცხვა განკუთვნილია არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებისა და პირადობის ნეიტრალური მოწმობის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელებისთვის. მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება ხდება კონკრეტული საკონსულო ოლქის ფარგლებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არის ნებაყოფლობითი. სურვილის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია საკონსულო აღრიცხვაზე დადგეს, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით (www.geoconsul.gov.ge), ისე ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/საკონსულო დაწესებულებაში, პირადი გამოცხადების გზით ან განაცხადის საფოსტო გზავნილით გაგზავნის მეშვეობით. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის არ არის დაწესებული საკონსულო მოსაკრებელი და შესაბამისად, მომსახურება უფასოა“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის თქმით, რაც შეეხება საკონსულოების გახსნას, ეს შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის თანხმობის საფუძველზე.
„საკონსულო დაწესებულების გახსნის საკითხი წარმოადგენს კომპლექსურ საკითხს, რომლის განხილვისას, მხედველობაში მიიღება მასპინძელი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებები, ადგილსამყოფელი ქვეყნის რეგულაციები და სხვა საკითხები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, განსხვავდებოდეს გადაწყვეტილების მიღების ვადები, დაწესებულების ადგილსამყოფელის შერჩევის წესები და სხვა. როგორც წესი, დაწესებულების გახსნის წინადადების განხილვაში ჩართულია არაერთი უწყება და კონსულტაციები შეიძლება რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი მიმდინარეობდეს“, – ნათქვამია მინისტრის პასუხში.
ილია დარჩიაშვილმა მაგალითად მოიყვანა იტალიის ქალაქ ბარიში გენერალური საკონსულოს გახსნა, რომელსაც, მისი თქმით, 7 თვიდან ერთ წლამდე პერიოდი დასჭირდა და სამუშაოები 2019 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ დაიწყო.
მინისტრის თქმით, 2020 წელს გახსნილი იყო 52 საარჩევნო უბანი, ამ წელს გადაწყვეტილებას მიიღებენ მოქალაქეების საჭიროებიდან გამომდინარე.
„საარჩევნო უბნის შექმნა ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ შესაბამისად, განეკუთვნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომპეტენციას ამავე კოდექსით დადგენილი წესის თანახმად. საარჩევნო უბნის შექმნის ზოგადი პრინციპი კი, მდგომარეობს იმაში, რომ ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე, ქვეყნის შიგნით შეიყვანება რეგისტრაციის მისამართის მიხედვით. უცხოეთში მყოფი ამომრჩევლებისთვის მათი რეგისტრაციის მისამართი, იმ შემთხვევაში, თუ ისინი დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, არის საქართველოს შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. ამრიგად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იხსნება დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ან/და საკონსულო დაწესებულებებში, მსგავსად მსოფლიოს არაერთი ქვეყნისა“, – ამბობს მინისტრი.
პარლამენტში გამოსვლის დროს ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ პირველი ამოცანა უნდა იყოს მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და დადგინდეს მათი ზუსტი რიცხვი.
მინისტრმა საინფორმაციო კამპანიაში დახმარება ოპოზიციასაც სთხოვა.