ენმ-ის გარშემო კონსოლიდაცია არაა მარტივი, თუმცა ყველამ საკუთარ თავში ძალა უნდა ვიპოვოთ - მელია პარტიის ოფისში მივიდა

პუბლიკა

„ნაციონალურ მოძრაობის” ოფისში ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია მივიდა. პარტიის ოფისში მიხეილ სააკაშვილის საკითხზე უნდა იმსჯელონ.

„ახლა მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია საზოგადოებრივი, პოლიტიკური ჯგუფების. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” გარშემო კონსოლიდაცია არ არის მარტივი, სიმართლე რომ ვთქვათ, გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენს თავს მოხდა. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ, რაც შევთავაზეთ 9 ნოემბრის შემდეგ, ეს სამწუხარო ფაქტია.

თუმცა, ახლა ყველა ძალამ პარტიის შიგნით უნდა ვიპოვოთ ძალა, პირველ რიგში საკუთარ თავში. მნიშვნელოვანი იდეური დაპირისპირება განზე უნდა გადავდოთ და სააკაშვილის მდგომარეობის გამოსასწორებლად ყველაფერი ვიღონოთ”, – განაცხადა მელიამ.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო კონსოლიდაცია მათი „მეცადინეობით ადვილი აღარ არის” – „მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს აქ ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იქნებოდა, ჩვენ რომ არ შეგვერცხვინა საკუთარი თავი”.  

მელიამ ასევე აღნიშნა, რომ აქ არაა საუბარი მხოლოდ პარტიებსა და პოლიტიკოსებზე.

„აქ საზოგადოებრივად აქტიური მოქალაქეების ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. და მე ვფიქრობ, რომ ეს მოხერხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ბრძოლას ვიწყებთ მინუსიდან, რადგან ხალხის ნაწილს ხალისი დავუკარგეთ ბრძოლის და ეს არის ძალიან სამწუხარო”, – დასძინა მან.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, უქმნის თუ არა დისკომფორტს ხაბეიშვილთან ერთად [მსჯელობა], მელიამ განაცხადა: „აქ ლევან ხაბეიშვილი, ნიკა მელია და ნებისმიერი სხვა ადამიანი არის მეასეხარისხოვანი”. 


„ნაციონალურ მოძრაობაში“ ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს, იქ უნდა განვიხილოთ სამომავლო გეგმები. პარტიაში გაკეთდება განცხადება. ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს დღესვე ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, – განაცხადა ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ.