ენმ-ის ოფისში ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს, იქ გაკეთდება განცხადება - ხაბეიშვილი

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით, პარტიის ოფისში დღეს გააკეთებენ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ სამოქმედო გეგმის შესახებ მას შემდეგ, რაც სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ველოდები მიშას ყველა გულშემატკივარს, იქ უნდა განვიხილოთ სამომავლო გეგმები. პარტიაში გაკეთდება განცხადება. ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს დღესვე ველოდები „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში. საზოგადოებას მივაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლებაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ამის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა საქალაქო სასამართლოს შენობა დატოვეს. ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოდან პარტიის ოფისში გადაინაცვლებენ.