ენმ-ის ყრილობას ხაბეიშვილმა გეგმები და პარტიის ახალი მიზნები გააცნო

პუბლიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ პირველი ყრილობა გამართა.

ყრილობას ესწრებოდნენ როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული ოფისების წარმომადგენლები. მათ შორის იყვნენ ენმ-ის ის წევრები, რომლებმაც ხაბეიშვილს არ დაუჭირეს მხარი, მაგალითად, ხატია დეკანოიძე და ანა წითლიძე. ყრილობას ესწრებოდა გიორგი მუმლაძეც. ყრილობაზე მივიდნენ სხვადასხვა პარტიის წევრები და პოლიტიკოსები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე ოფიციალურად გააფორმეს ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარედ არჩევა, ასევე კენჭი უყარეს წესდების ცვლილებას, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარის, რაიონალური ორგანიზაციების თავმჯდომარეების და პოლიტსაბჭოს ვადის 4 წლის ნაცვლად, 2 წლამდე შემცირებას.

გარდა ამისა, ყრილობაზე აირჩიეს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი, ხოლო პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე – ლევან ბეჟაშვილი. პოლიტსაბჭოს წევრებად დამტკიცდნენ საქართველოს პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და პარტიის სხვა წევრები, მათ შორის, გია ბარამიძე, გიორგი ჩალაძე, გია ხარჩილავა და სხვა.

ყრილობას სიტყვით მიმართა ლევან ხაბეიშვილმა.

„დღეიდან ვიწყებთ ახალი ფურცლიდან და ვაღიარებთ საქართველოს მხოლოდ ერთ მტერს, რომელსაც აქვს სახელი, ეს არის რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი რუსული ოცნება.

„ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებების მიღებაში და შესაბამისად პოლიტიკურ საბჭოში სრული აბსოლუტური უმრავლესობა გექნებათ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეებს, საქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს; თქვენ მიერ არჩეულ რეგიონულ ლიდერებს და დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ გიბრუნდებათ თქვენ.

დაპირებისამებრ, უახლოეს პერიოდში დავიწყებთ რაიონებში ენმ-ის ოფისების გახსნას, შევქმენით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბი, რომელსაც უხელმძღვანელებს გიორგი ჩალაძე.

უახლოეს პერიოდში თბილისის ენმ-ს ექნება ახალი ოფისი, ჩავატარებთ დედაქალაქში თბილისის კონფერენციას, ავირჩევთ პარტიის ხელმძღვანელებს, დავიწყებთ ახალგაზრდული ორგანიზაციის ფორმირებას… დავიწყებთ რეგიონალური და რაიონული კონფერენციების მომზადებას.

ჩვენ არ გვაქვს არც ერთი წამი დასაკარგი, 24-საათიან რეჟიმში ვიწყებთ აქტიურ მუშაობას. დადგა დრო, ერთად გავიმარჯვოთ „რუსულ ოცნებაზე“, – მიმართა ხაბეიშვილმა ყრილობას.

ენმ-ის ყრილობამ უკრაინაში დაღუპულ და მებრძოლ ქართველ გმირებს პატივი მიაგეს, რის შემდეგაც თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარტიის მთავარი პრიორიტეტები 2003 წლის იდენტურია:

„ახლაც დასამარცხებელია გაჭირვება, უმუშევრობა, კრიმინალი, უიმედობა და უპერსპექტივობა. ახლა კიდევ უფრო ფესვგადგმულია კრემლის აგენტურა ხელისუფლებაში და მართვს სადავეები სრულად უპყრია პუტინის პირად მსახურს.

ჩვენს პრიორიტეტად დარჩება NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. უკრაინასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ბოროტებაზე გამარჯვება.

ენმ იქნება ყველგან, სადაც ხალხის პრობლემებია. ენმ-მ უნდა შესთავაზოს ხალხს ხვალინდელი დღე, კეთილდღეობა და კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები. უნდა ვიხსნათ ქვეყანა დაცლისგან. ოჯახის გამოსაკვებად ჩვენი თანამემამულეები არ უნდა გარბოდნენ.

ყველა ქალაქში, სოფელში, რაიონში, უბანში, კორპუსში თუ დასახლებაში, უნდა ვიყოთ ყველგან და დავარწმუნოთ ჩვენი ძმები, დები, დედები, მამები, ბებია-ბაბუები რომ ჩვენ შეგვიძლია წარმატებულ ძლიერ ევროპულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მათი ინტერესები. ბავშვებს ექნებათ ლაღი ბავშვობა, სტუდენტებს – განათლების ხელმისაწვდომობა; იქნება სამუშაო პირობები ღირსეული ანაზღაურებით; გავმართავთ საგადასახადო სისტემას და ყველა იმ წნეხს მოვხსნით ბიზნესზე, ხელს გავუწვდით ინვესტორებს, შევქმნით თანამედროვე, მოქნილ, მცირებიუჯეტიან სახელმწიფო აპარატს და ორიენტირებული ვიქნებით ხალხზე“, – თქვა მან.