ენმ-მ ბათუმის შუალედურ არჩევნებში ნუგზარ ფუტკარაძის შვილი წარადგინა

პუბლიკა

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ბათუმის შუალედურ არჩევნებში კანდიდატურად ნუგზარ ფუტკარაძის შვილი მათე ფუტკარაძე წარადგინა.

„მე მინდა, საზოგადოებას წარვუდგინო ნუგზარ ფუტკარაძის ვაჟი, მათე ფუტკარაძე – ადამიანი, რომელიც შედის ბრძოლაში იქ, სადაც მამამ გაიმარჯვა, იქ, სადაც მამამ თვეების განმავლობაში კარ და კარ იარა და პირველ ტურშივე მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება.

როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ, რომ მათე ფუტკარაძე გაიმარჯვებს
ამ ოჯახის მომავალი, ღირსება და რეპუტაცია დაცული იქნება ნუგზარ ფუტკარაძის და ათასობით ამომრჩევლის მიერ, 2 აპრილს”, – განაცხადა წარდგენისას პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.


2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება.

2022 წლის 2 აპრილს ამომრჩევლები საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავში აირჩევენ, ბათუმში კი საკრებულოს მაჟორიტარს. შუალედური არჩევნებისთვის რუსთავსა და გარდაბანში 117 საარჩევნო უბანი, ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება.


ბათუმში ახლად არჩეული საკრებულოს დეპუტატის, ენმ-ის გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლითაა დაწყებული.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კირთაძის თქმით,  გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი ზეწოლას ახდენდა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებლისგან გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა, რაც ნერვიულობას უკავშირდება.