ენმ-ის არჩევნებში ვახო მეგრელიშვილი და სანდრო რაქვიაშვილიც მონაწილეობდნენ - ხვიჩია

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“, – ამბობს „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია.

„არჩევნები რომ გაყალბდა, ამის თქმის საშუალებას მაძლევს, მაგალითად, სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუქგვერდზე დადებული ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ აძლევს სხვა პარტიის წევრი, პარლამენტის დეპუტატი ხმას ერთ-ერთ კანდიდატს. თუ ეს შესაძლებელია, რომ სხვა პარტიის წევრებმა მისცენ ხმა,  ხომ წარმოგიდგენიათ, „ქართული ოცნება“ რამდენ ხმას მისცემდა მისთვის სასურველ კანდიდატს“. – ამბობს ხვიჩია.

მისი თქმით, ის ელის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გულწრფელი მხარდამჭერები მიხვდებიან, მათი თავმჯდომარე სათანადო წესით რომ არ არის არჩეული, რადგან ყველას შეეძლო აერჩია, როგორც ეს სანდრო რაქვიაშვილმა და ვახო მეგრელიშვილმა შეძლეს.

„თუ ასეა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე არჩეული, ხომ შეიძლება ის „ქოცების“ არჩეული იყოს”? – ამბობს ხვიჩია.

„გირჩის“ ერთ-ერთი წევრი, პარლამენტის დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი მართლაც აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც ჩანს, როგორ აძლევს ხმას ნონა მამულაშვილს.

პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნები დასრულდა. შედეგები პარტიის ოფისში საარჩევნო შტაბის უფროსმა, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა. კობა ნაყოფიას თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ კი – 40%. პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

ხმები ასე გადანაწილდა:

ნონა მამულაშვილი – ვ1537 ხმა, 3,73%;

ნიკა მელია – 16476 ხმა,  40%;

გიორგი მუმლაძე – 1516 ხმა, 3.68%;

ლევან ხაბეიშვილი – 21636 ხმა, 52,58%.

პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს მიმდინარეობდა და კენჭისყრა დღეს დილით 10 საათზე შეწყდა. რეგისტრაცია და ხმის მიცემა ელექტრონულად, ე.წ ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით წარმოებდა. დილის 9 საათის მონაცემებით, არჩევნების პროცესში მონაწილეობა 42 ათასამდე ადამიანმა მიიღო.