ენმ-ში გაიმარჯვა წარსულმა, ჩვენ თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ - ნაცვლიშვილი

პუბლიკა

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა და შესაბამისად, პარტიასთან, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, თანამშრომლობის მიზანს ვერ ხედავენ.

„ჩემი შეფასებით, სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმარჯვა წარსულმა და არა მომავალმა და მომავლის ხედვებმა. „ლელო” ორიენტირებულია მომავალზე, საქართველოს დასავლურ, უსაფრთხო მომავალზე და შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ მომავლისკენ სვლას. პარტიასთან, რომელიც შედეგებით აჩვენებს, რომ წარსულში ბრუნდება, ჩვენ თანამშრომლობის მიზანს ვერ ვხედავთ.

რაც შეეხება იმას, თუ მომავალში როგორ განვითარდება პროცესები, თუ დავინახავთ, რომ რაიმე რადიკალურ ცვლილებას და მომავალზე ორიენტირებას, საუბრით ყველასთან ვსაუბრობთ, მაგრამ სტრატეგიული თანამშრომლობის წინაპირობებს და რესურსებს ახლა ნამდვილად არ ვხედავ პარტიასთან, სადაც წარსულმა და წარსულის მეთოდებმა გაიმარჯვა, რომელიც არც მაშინ მომწონდა და არც ახლა მომწონს ამ ხელისუფლების პირობებში”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მას პარტიის მხარდამჭერების 52.58%-მა დაუჭირა მხარი. ლევან ხაბეიშვილმა ამ პოსტზე ნიკა მელია შეცვალა.