ექიმმა მითხრა, თუ არ მოიხსნი ნაკერებს, სიბრმავეს გამოიწვევსო - მაღაროელი

პუბლიკა

ექიმმა მითხრა, თუ არ მოიხსნი ნაკერებს, სიბრმავეს გამოიწვევსო, – ამის შესახებ „პუბლიკასთან” საუბრისას მაღაროელი გიორგი კუპატაძე ამბობს. მან პროტესტის ნიშნად თვალები 18 ივნისს ამოიკერა.

მისივე ცნობით, ის ახლა თბილისში მოემგზავრება და დედაქალაქში მყოფ მაღაროელებს შეუერთდება.

„ექიმმა მითხრა, რომ საგანგაშო მდგომარეობაა, თუ არ მოიხსნი ნაკერებს სიბრმავეს გამოიწვევსო. მოშიმშილე ბიჭების, ჩემი მაღაროელების თხოვნით მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღის განმავლობაში 10 წუთით დავანახო თვალებს დღის შუქი, ისიც გამაყუჩებელს გავიკეთებ და ისე.

ჩვენი კომპანიის დამსახურებაა ეს ყველაფერი, მაგათმა მიგვიყვანეს ამ მდგომარეობამდე. ჩვენ არ ვართ მაზოხისტები, ალბათ მაგათ ჰგონიათ, რომ გვსიამოვნებს ჩვენი სხეულის დაზიანება, მაგრამ არა, ამ ზომამდე გაჭირვებამ მიგვიყვანა. ამდენი წელია ჭიათურელებს წიხლს გვირტყამენ, ჩვენ მაღაროელები არ ვართ საქართველოს შვილები? ახლა თბილისში მივდივარ, ჩემი ბიჭების გვერდით უნდა დავდგე და არ გავჩერდები, თუნდაც შევეწირო. ამას ძალით ვერ მომხსნიან და თუ მომხსნიან სხვა ზომებს მივიღებ…“, – ამბობს ის.


ჭიათურაში მაღაროელები 7 ივნისიდან გაიფიცნენ. ნაწილმა მათგანი 13 ივნისიდან ჭიათურაში დაიწყო შიმშილობა. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების 20%-იანი მატებაა. კომპანიის მხრიდან მათთვის მიუღებელი შეთავაზების გამო მაღაროელთა ნაწილი თბილისში ჩამოვიდა და ოთხმა მათგანმა 21 ივნისიდან შიმშილობა დაიწყო.

ჭიათურაში მაღაროელთა შიმშილობის პარალელურად პროტესტის სხვა უკიდურეს ფორმებსაც მიმართეს – პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი. ერთმა კი გადაისერა მკლავები.

„ჯორჯიან მანგანეზი” მათ ხელფასის 5%-იან მატებას სთავაზობს და კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისზე საუბრობს.