ექსტრემისტული ძალები ცდილობენ, ხელი შეუშალონ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას - ზახაროვა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მარია ზახაროვა თბილისში პოზნერის ვიზიტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ზახაროვამ ამჯერად თბილისში გრიბოედოევის ძეგლზე გაკეთებული წარწერა გააკრიტიკა, რომელსაც „რუსეთი ბოროტებაა. პოზნერ წაეთრიე“ დააწერეს.

„აღშფოთებული ვარ იმ ვანდალური აქტით, რომელიც გამოჩენილი რუსი მწერლისა და დიპლომატის, ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლზე აღინიშნა თბილისის ცენტრში. რაც არ უნდა იყოს ამის ჩადენის მოტივი, გამართლება არ აქვს.

ცივილიზებულ საზოგადოებაში ასეთ ქმედებებს უარყოფენ და გმობენ. ასეთი მოქმედებები კიდევ უფრო მიუღებელია, თუ ჩვენ გავიხსენებთ გრიბოედოვის პერსონის მნიშვნელობას როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ისტორიისთვის.

დარწმუნებულები ვართ, რომ მოქალაქეების უმეტესობა ემხრობა ქართველ და რუს ხალხს შორის კავშირის გაღრმავებას. ჩვენ ამ ინციდენტს და პროვოკაციას, რომელიც ცნობილი რუსი ჟურნალისტის, პოზნერის ჩამოსვლას მოჰყვა, ერთობლიობაში განვიხილავთ. ამ ინციდენტებიდან ვხედავთ, რომ საქართველოში ექსტრემისტული ძალები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გართულებას ცდილობენ“, – აცხადებს მარია ზახაროვა.


რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა, ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.

პოზნერის ვიზიტს, სამოქალქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მივიდნენ იმ რესტორანთან, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს, თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელი“ დაეტოვებინა. მოგვიანებით, აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.

ვლადიმერ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ დააჯარიმა ასევე სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.