„ეს არის ეთიკური კოდექსის დარღვევა“ - გამყრელიძე ექიმებზე, რომლებიც პაციენტებს ეუბნებიან, რომ არ აიცრან

პუბლიკა

„ეს არის ჩვენი, ექიმთა ეთიკური კოდექსის დარღვევა“, – ასე აფასებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე იმ ექიმების ქცევას, რომლებიც პაციენტებს ეუბნებიან, რომ არ აიცრან.

„ეს არის ჩვენი, ექიმთა ეთიკური კოდექსის დარღვევა. ანუ იმ ფიცის, რომელსაც ჩვენ ვდებთ, როცა ვამთავრებთ სამედიცინო ინსტიტუტს – ჰიპოკრატეს ფიცს რასაც ეძახიან. მისი ადაპტირებული ვარიანტი, რომელიც გამოიყენება, როცა ექიმი ვხდებით. რადგან როცა იცი, რომ აცრა შველის ადამიანს და შველის ძალიან მაღალი პროცენტით, როცა შენ იცი, რომ აცრაზე უკეთესი კაცობრიობას საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია, რომელიც მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს არჩენს და პრევენციას უკეთებს გართულებებს, სიკვდილს და ამაზე უარს ამბობს, ეს არის ჩვენი ეთიკური კოდექსის დარღვევა და ამას ჩემი კოლეგები არ უნდა აკეთებდნენ, რადგან ყველას კარგად გვისწავლია სამედიცინო უნივერსიტეტში წლების განმავლობაში, ჩვენი საექიმო მოღვაწეობის განმავლობაში და ყველამ კარგად იცის, რომ აცრა, ვაქცინა და იმუნიზაცია შედის ყველაზე დიდ სამ აღმოჩენას შორის მედიცინაში, რომელმაც იხსნა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და კიდევ დაიცავს მილიონობით ადამიანს“, – განაცხადა გამყრელიძემ სააკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ აიცრან და ასე შეიტანონ წვლილი პანდემიის დასრულებაში.

„კარგად ხედავთ ახლა ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობის 60% აცრილია, შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩამოსულია დაბლა. იგივე ხდება ისრაელში, გერმანიაში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის 47% უკვე აცრილია სრულად. გავაკეთოთ ეს ერთად ყველამ, რომ ავიცრათ. გასაგებია, რომ გაზაფხულზე იყო ძლიერი დეფიციტი ვაქცინის მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჩვენი ტიპის ქვეყნებში და მსოფლიოშიც უჭირდათ. ახლა ქვეყანაში დევს 2 მილიონი ვაქცინა. მილიონი კიდევ შემოვა. ყველასთვის საკმარისია. გავიკეთოთ ვაქცინა და ეს დაამთავრებს ამ პანდემიას“, – განაცხადა გამყრელიძემ.


Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 41 885 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 3 670  ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 626   პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.76%

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 986 პირი ემსხვერპლა.