ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალზე - რიში

პუბლიკა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი ჯიმ რიში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების არმიღებას ეხმაურება. ჯიმ რიშის თქმით, ევროკავშირის დადგენილ პირობებზე უარის თქმა საქართველოს მომავალზე კითხვებს აჩენს. ამის შესახებ სენატორმა „ამერიკის ხმასთან“ ისაუბრა.

„მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად“, – თქვა რიშმა „ამერიკის ხმასთან“.

ჯიმ რიში გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის მოწერას. მისი თქმით, კარგია, რომ პარტია ხელშეკრულებას შეუერთდა, თუმცა მათი ჟესტი დაგვიანებული იყო და ამ დაგვიანებამ ხელი შეუწყო „ოცნების“ მხრიდან შეთანხმების დატოვებას.

„კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება“, – განაცხადა რიშმა.

სენატორის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და ორივე პარტიამ უნდა იმუშაოს საქართველოში უფრო მშვიდობიანი და თანამშრომლობითი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად.

„მათ შორის 2 ოქტომბერს, სუფთა და სამათლიანი ადგილორბივი არჩევნების ჩატარებით“ – აცხადებს სენატორი.