ევროკომისიის შეფასება ცხადყოფს, რომ ობიექტურად წელს სტატუსი უნდა მივიღოთ - კობახიძე

პუბლიკა

„ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი ცხადყოფს, რომ ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პირობებში, საქართველომ წელს აუცილებლად უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს გამოქვეყნდა ევროკომისიის შეფასების დოკუმენტი, რომელიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიერ შარშან შევსებულ კითხვარებს ეფუძნება. პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ევროკომისიას ჩვენი ქვეყნის ძალიან დადებითი შეფასებისთვის. შეფასების დოკუმენტით ევროკომისიამ თავადვე დაადასტურა ის, რასაც გასული წლის ივნისიდან ვამტკიცებდით: ანგარიშიდან ცხადად ჩანს, რომ საქართველო ყველა პარამეტრით იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. საქართველო მნიშვნელოვნად, მთელი 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით უსწრებს უკრაინას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სამართლიანი იყო ევროკავშირის სტრუქტურების მიერ შარშან მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის განსჯა საზოგადოებისთვის მიგვინდია.

გვინდა შეგახსენოთ, რომ შარშან რადიკალურმა ოპოზიციამ, მასთან დაკავშირებულმა ენჯეოებმა და მედიასაშუალებებმა ევროპული სტრუქტურების გადაწყვეტილება ქვეყანაში ვითარების არევისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობისთვის გამოიყენეს. ამ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, ყველაზე მდიდარი ენჯეოები მთავრობის გადადგომასაც კი ითხოვდნენ. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ქართულ საზოგადოებას, რომელმაც მაშინ ყველაფერი სწორად შეაფასა და ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით მოქმედ ძალებს ქვეყანაში ვითარების არევისა და მშვიდობის დარღვევის შესაძლებლობა არ მისცა“,- განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. 

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ანგარიში რამდენიმე სფეროს ეხება, მათ შორის მართლმსაჯულებას, შიდა ბაზარს, კონკურენციის პოლიტიკას, მწვანე პოლიტიკას, სოფლის მეურნეობასა და საგარეო ურთიერთობებს.

საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა ქვეყნის ევროპის კავშირში გაწევრების განაცხადი. ამის შემდეგ საქართველომ აპრილში კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო, რომელიც პოლიტიკურ და ეკონომიკურ ნაწილებს ეხებოდა. კითხვარის მეორე ნაწილი კი 2300-მდე კითხვას მოიცავდა დარგობრივ თემებზე და სექტორების მიხედვით ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობას ეხებოდა.

ევროკომისიამ დღეს კითხვარის მეორე ნაწილზე ანგარიში გამოაქვეყნა. რომელიც აფასებს ევროკავშირთან საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების ხარისხს და ასევე ჩვენი ქვეყნის მიერ ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის ფარგლებში გატარებული რეფორმების ეფექტიანობას.