ევროპარლამენტარების გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული - ჰარცელი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპარლამენტარების მხრიდან გავრცელებული განცხადება საქართველოში სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

როგორც ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, განცხადების ხელმომწერები წამყვანი ევროპარლამენტარები არიან, რომლებსაც საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში განსხვავებული როლი აკისრიათ.

„მე არ შემიძლია ვისაუბრო ევროპარლამენტის ან მისი კონკრეტული წევრების სახელით. უბრალოდ ვიტყვი, რომ, რა თქმა უნდა, მოდის კონკრეტული ძალიან ცხადი გზავნილები და აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების ხელმომწერები არიან წამყვანი ევროპარლამენტარები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული როლი, როდესაც საქმე ეხება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას. ასე რომ, ევროპარლამენტარების მხრიდან გზავნილები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

1 აპრილს გავრცელდა ევროპარლამენტარების განცხადება საქართველოში დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ჩაშლილი მოლაპარაკების შესახებ.

7 ევროპარლამენტარის ერთობლივი განცხადება აკრიტიკებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ ვერ შეძლეს კომპრომისზე წასვლა და შეთანხმების მიღწევა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებს ევროკავშირისგან შედეგები მოჰყვება. მათ შორის, ევროპარლამენტი მოითხოვს საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეზღუდვას, ხოლო ქართველ პოლიტიკოსებს აღარ უნდა ჰქონდეთ ევროკავშირთან ძველებურად ურთიერთობის გაგრძელების იმედი.