„ევროპელმა სოციალისტებმა“ უკრაინის მხარდასაჭერი რეზოლუციის პროექტი წარადგინეს

პუბლიკა

უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის  „ევროპელი სოციალისტების“ მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი ფრიდონ ინჯიამ, მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ „ევროპელი სოციალისტები“ ღრმა წუხილს გამოხატავენ უკრაინაში მიმდინარე სავარაუდო სამხედრო ესკალაციაზე და წინააღმდეგები არიან ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული  ქმედებების.

„უკრაინაში სამხედრო ესკალაცია საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო მშვიდობასა და უსაფრთხოებას; ვემხრობით საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, მათ შორის, საზღვრების ურღვეობის, ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებს. ასევე, სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, გაწევრიანდეს ნებისმიერ საერთაშორისო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამხედრო ორგანიზაციაში. მომხრეები ვართ საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებისა და დამკვიდრების;“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

„ევროპელი სოციალისტები“ კონფლიქტში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულ მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

„მიგვაჩნია, რომ უკრაინაში სამხედრო ესკალაციის  არდაშვება  უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი, რაც „მინსკის ხელშეკრულებით“ და „ნორმანდიული ფორმატის“ გადაწყვეტილებების შესრულებით იქნება  შესაძლებელი;

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს სახელმწიფო  ინტერესებიდან გამომდინარე,  მივმართავთ   საქართველოს მთავრობას,   გამოიყენოს ყველა დიპლომატიური ინსტრუმენტი და  მაქსიმალურად ჩაერთოს   უკრაინაში სამხედრო ესკალაციის მშვიდობიანად განმუხტვის საქმეში“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.