„ევროპული საქართველოს“ წევრი აცხადებს, რომ გაიტაცეს მისი 19 წლის შვილი | შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ წევრი, თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალის საკრებულოს წევრობის კანდიდატი, ნინო გალახვარიძე აცხადებს, რომ გაიტაცეს მისი 19 წლის შვილი. ის შემთხვევას პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს.

ქალი ამბობს, რომ შვილმა დაახლოებით 2 საათის წინ დაურეკა და დახმარება სთხოვა.

„დამირეკა ჩემმა შვილმა და მითხრა, დედა, მიტაცებენ, ცუდ მდგომარეობაში ვარ, იქნება რამე მიშველოო. რას ამბობ, ზაქრო-მეთქი და გამეთიშა ტელეფონი. ვრეკავ, არსად არ არის.

არიან ყველანი „ოცნების“ ხალხი, დათო კუპრაშვილი და მათი თანმხლებნი. მათ ჩემს შვილზე არ ვიცი, რა ზეწოლა მოახდინეს,“, – აცხადებს ნინო გალახვარიძე.

მომხდარის შესახებ განცხადება გაკეთდა „ევროპულ საქართველოშიც“.

„ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავები უკვე არიან ჩაყენებული საქმის კურსში. „ევროპულ საქართველოს“ არასოდეს ავტომატურად არ უსვრია ტალახი ხელისუფლების მიმართ, სანამ არ ვიცით და არ გვაქვს საფუძველი, რომ პირდაპირ დავაბრალოთ პოლიტიკური მოტივი ამ ყველაფერს, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე და დამატებით, ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს კავშირში იმ პირებთან, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან ადგილზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანასთან და „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი.

ყველა შემთხვევაში, იმის მიუხედავად, თუ რა გაირკვევა და რა არის მოტივი ამ დანაშაულის, ის ვითარება, რომელშიც შესაძლებელია, რომ კრიმინალურმა ჯგუფებმა ან კრიმინალური მისწრაფების ახალგაზრდებმა დღისით, მზისით ადამიანი გაიტაცონ, არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის. მის მიერ შექმნილი კლიმატის შედეგადაა ეს შესაძლებელი და, როგორც წესი, ის პირები, რომლებიც პოლიტიკური ან ნებისმიერი სხვა მოტივით ასეთ ქმედებებში არიან შემჩნეული, არიან წინასაარჩევნო პროცესში პირდაპირ მიბმული „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანასთან. ეს არის კამპანიის საფირმო ნიშანი. ამიტომაა განსაკუთრებულად საგანგაშო ეს შემთხვევა, როდესაც პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრის მიმართ ხდება ეს, სადაც ცნობილია, რომ მოჰყვება მისი გუნდის „ევროპული საქართველოს“ რეაქცია. იქ, სადაც ბედავენ ასეთ რაღაცას, კიდევ უფრო დაუცველი არიან რიგითი მოქალაქეები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.