„ევროპული საქართველოს“ რეკლამის არგაშვების გამო „იმედს“ სამართალდარღვევის ოქმი შევუდგინეთ - კომუნიკაციების კომისია

პუბლიკა

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ „ევროპული საქართველოს“ საჩივარი დააკმაყოფილა და მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.

საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამას, რომელიც ტელეკომპანიამ ეთერში არ განათავსა. პოლიტიკური რეკლამის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად „ტელეიმედმა“ ვიდეო-რგოლში გამოყენებული სიძულვილის ენა დაასახელა.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, წარდგენილი პოლიტიკური რეკლამა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ პოლიტიკური რეკლამისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეისწავლეს და დაადგინეს, რომ რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ ზოგად პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებიც ასახულია შესაბამის კანონმდებლობაში.

კომისიის განმარტებით, სასამართლოს დადგენილი სტანდარტია, რომ პოლიტიკური რეკლამა, მათ შორის, ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას, რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას, უხამსობას ან პორნოგრაფიას. თუმცა, მსგავსი დარღვევა რეკლამაში არ გამოვლინდა.

„კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია.

შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა „ევროპული საქართველოს“ საჩივარი და მიიღო გადაწყვეტილება „ტელეიმედის“ მიმართ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შესახებ. სამართალდარღვევის ოქმი განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.