facebook-პოსტში სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმეზე წულუკიანი სასამართლოში გამოიკითხა

პუბლიკა

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი საქალაქო დღეს სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხა. პროცესი მოქალაქე ქეთა გაბიანის წინააღმდეგ დავას ეხება.

საქმე ეხება ქეთა გაბიანის მიერ 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც გაბიანი თეა წულუკიანს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს და წერს, რომ ის „უნდა დამარხოს“.

„ეს ჩემი საქმე მოწმობს იმას, რომ ყოველთვის აქვს აზრი სამართლებრივი პროცედურების დაწყებას და ყოველთვის ქალებმა, განსაკუთრებით, დედებმა, რომლებსაც ემუქრებიან მკვლელობით, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები იმისთვის, რომ სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას თავი იგრძნონ დაცულად თორემ არც ლანღძვა-დაკნინება გვიკვირს და არც ვერბალური თავდასხმა, ამას შევეგუეთ, ეს დემოკრატიის ნაწილად ითვლება, მაგრამ სიცოცხლის მოსპობის მუქარას არ უნდა შევეგუოთ“, – ამბობს თეა წულუკიანი, რომელიც განმარტავს, რომ ჩვენება საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მისცა.

წულუკიანის უფლებების დამცველის, მალხაზ სალაყაიას თქმით, თეა წულუკიანი საქმეში დაზარალებულია, რომელმაც მისცა ჩვენება მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე იმ დეტალებსა და მტკიცებულებებზე მითითებით, რამაც მას მუქარის საფუძვლიანი ეჭვი გაუჩინა.

სალაყაიას თქმით, ქეთა გაბიანი არ უარყოფს, რომ მან განახორციელა მუქარა და დღეს მინისტრს ბოდიშიც მოუხადა.

თავად ქეთა გაბიანი აცხადებს, რომ გამოხატვის ის ფორმა, რომელიც მან პოსტში გამოიყენა, მისთვისაც მიუღებელი იყო, რის გამოც მან პოსტი წაშალა.

„ეს აღქმული იყო როგორც მუქარა და ასეთი ფორმა მიიღო. მე ვუთხარი თვითონ ქალბატონ თეასაც, ასეთი ფორმით, რაც არ უნდა არ ეთანხმებოდე ადამიანს და რაც არ უნდა მიუღებელი უნდა იყოს პოლიტიკური პოზიცია და საზოგადოებრივი, ასეთი ფორმით მიმართვა ჩემთვისაც უსიამოვნო იყო ჩემი მხრიდან, ამიტომ წავშალე“, – ამბობს ის მედიასთან.

ქეთა გაბიანის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 151-ე, მუქარის მუხლით მიმდინარეობს. მუხლი ფულად ჯარიმას ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ქეთა გაბიანის პოსტი სოციალურ ქსელში 2022 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნდა. Facebook-სტატუსში ის მინისტრს შეურაცხმყოფელი ტერმინით მოიხსენიებს და წერს: „წულუკიანი უნდა დავმარხო“.

ქეთა გაბიანის ამ პოსტს მალევე გამოეხმაურა მინისტრიც, რომელმაც დაწერა, რომ გაბიანის დანაშაულებრივი განზრახვა აღქმულია რეალურად და ადეკვატურად.