ფასები გაიზარდა სურსათზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე - საქსტატი ოქტომბრის ინფლაციაზე

პუბლიკა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 % შეადგინა.

საქსტატის მიხედვით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

მათ შორის გაიზარდა რძის, ყველისა და კვერცხის ფასი (2.7%), გაიზარდა ხორცისა და ხორცის პროდუქტების ფასი (2.3%), ბოსტნეულის და ბაღჩეულის (1.7%), ზეთისა და ცხიმის (1.6%), თევზეულის (1.4%), ასევე ხილისა და ყურძნის ფასი (1%).

წინა თვესთან შედარებით ფასი გაიზარდა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეც, რამაც 0.18 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა თვის ინფლაციის მაჩვენებელზე. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმელზე (10.9%), ისე ტანსაცმელზე (3.9%), – წერს საქსტატი.

საქსტატის მიხედვით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:

ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (26.9%), რძე, ყველი და კვერცხი (16.0%), თევზეული (15.8%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13.7%), ბოსტნეული და ბაღჩეული (12.4 პროცენტი), ასევე პური და პურპროდუქტები (11.0 პროცენტი);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო:

ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (26.8%), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3%);

დასვენება, გართობა და კულტურა:

ფასები გაზრდილია 7.3 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.3%);

ტრანსპორტი:

ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.0 პროცენტიანი მატება, რაც 0.36 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8.1%), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1.7%);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები:

ფასები მომატებულია 6.9 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასები გაიზარდა საზოგადოებრივ კვებაზე (8.3%).

LB loan image desktop LB loan image mobile