FDA-მ კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტს ავტორიზაცია მიანიჭა

პუბლიკა

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) ავტორიზაცია მიანიჭა „ფაიზერის“ ანტივირუსულ პრეპარატს, რომელიც Covid-19-ის სამკურნალოდ გამოიყენება.

CNN-ის ცნობით, ეს არის კორონავირუსის პირველი სამკურნალო წამალი, რომელმაც ავტორიზაცია გაიარა და რომლის მეშვეობითაც პაციენტები სახლის პირობებში შეძლებენ მკურნალობას იქამდე, ვიდრე ჰოსპიტალიზაციის საჭიროება დადგება.

პრეპარატით მკურნალობას ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეძლებენ 12 წელს ზემოთ რისკ ჯგუფებში შემავალი ინფიცირებულები, რომლებიც სულ მცირე 40 კილოგრამს იწონიან.

წამალი სახელწოდებით, „პაქსლოვიდი“ რეკომენდებულია, რომ პაციენტმა კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან რაც შეიძლება მალე, 5 დღის განმავლობაში მიიღოს. „ფაიზერის“ მიერ გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების თანახმად, „პაქსლოვიდი“ ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების რისკებს 88-89%-ით ამცირებს.

წამლის ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ წამალი პრევენციისთვის არ არის განკუთვნილი და იგი ვაქცინას ვერ ჩაანაცვლებს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ნოემბერში განაცხადა, რომ 10 მილიონი სამკურნალო კურსისთვის საჭირო ოდენობის წამალს შეიძენდა. დიდმა ბრიტანეთმა კი იმავე თვეში 250 ათასი სამკურნალო კურსისთვის საჭირო ოდენობის მედიკამენტი შეუკვეთა. BBC-ის ცნობით, პაციენტმა 5 დღის განმავლობაში „ფაიზერის“ 3-3 აბი დღეში ორჯერ უნდა მიიღოს.