ფოტოები ძველია. იქ არ მუშაობს. შვებულებაში სად იყო, როგორ და რანაირად, უმნიშვნელოა - გორის მერია

პუბლიკა

მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მერობასთან შეთავსებით „ნიუ-იორკის რეგიონული საწვრთნელი ცენტრის“ პედაგოგია, მერიაში უარყოფენ.

როგორც გორის მერიის პრესსამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, მედიაში გავრცელებული ვიდეო და ფოტომასალა იქამდეა გადაღებული, ვიდრე ხინჩეგაშვილი მერი გახდებოდა.

„რა თქმა უნდა, არ მუშაობს და არც არასოდეს უმუშავია [ნიუ-იორკში]. ეს ფოტოები და ვიდეო არის ძველი 2017-2020 წლებში გადაღებული“, – აცხადებენ გორის მერიაში.

გორის მერიის განცხადებით, ფოტო და ვიდეომასალა ასახავს სპორტსმენის ვარჯიშს იმ დროს, როდესაც ის საწვრთნელ ცენტრში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასტერკლასებს ატარებდა.

შეკითხვაზე, იანვარში შვებულების დროს იმყოფებოდა თუ არა ნიუ-იორკის საწვრთნელ ცენტრში და რა სტატუსით, მერიაში პასუხობენ:

„ახლა იმყოფებოდა თუ არა, ეს არ არის მნიშვნელოვანი. აქ მნიშვნელოვანია ის, მუშაობს, თუ არა – ჩვენ ვამბობთ, რომ არ მუშაობს და არც არასდროს უმუშავია. მერია ამ საკითხზე გაავრცელებს განცხადებას და ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი. შვებულებაში სად იყო, როგორ, რანაირად, რა ეტაპზე, ვფიქრობ, ეს არ არის მნიშვნელოვანი“, – აცხადებენ გორის მერიის პრესსამსახურში.

მერიაში არ ადასტურებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აშშ-ში ნოემბერშიც იმყოფებოდა.

„არა, ნოემბერზე ამ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ, ჩვეულებრივ აქ მუშაობდა და, შესაბამისად, ორ ადგილას ერთდროულად ვერ იქნებოდა. უბრალოდ, თუ აფიშაზე ნოემბერია მითითებული, მაშინ შესაძლოა, ძველი ფოტო აქვს გამოყენებული ცენტრს. სამწუხაროა, რომ გადაუმოწმებელი ინფორმაცია გავრცელდა“, – აცხადებენ მერიაში.


ვლადიმერ ხინჩეგაშვილის თქმით, ის 11 იანვარს შვებულებაში გავიდა. მან შემდეგ ნიუ-იორკის ფოტოები ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

„ნიუ-იორკის რეგიონული საწვრთნელი ცენტრის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ცენტრმა 2017 წელს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ნაკრების წევრებს უმანსპინძლა 10-დღიან ბანაკში. 2018 წელს კი ცენტრის მასპინძლები ქართველები იყვნენ.

„კულტურულ გაცვლას დღემდე ვაგრძელებთ ჩვენს ძვირფას ქართველ მეგობრებთან“, – ვკითხულობთ ცენტრის ვებგვერდზე.