„ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადი 1200-ლარიანი დახმარება გაიცემა - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, „ფრონტერას“ ყოფილ თანამშრომლებზე ერთჯერადი, 1200-ლარიანი დახმარება გასცეს.

„დიდ პრობლემად რჩება „ფრონტერას” 84 ყოფილი თანამშრომელი, რომელიც კომპანიამ გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლა და მათ მიმართ დაახლოებით 17 თვის სახელფასო დავალიანება ერიცხება. ეს ადამიანები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ და ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთჯერადი დახმარების სახით, დახმარება გაეწიოს 1200 ლარის ოდენობით თითოეულ ადამიანს“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა „ფრონტერასთან” პოზიტიურ კომუნიკაციაშია და „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების მიმართ სახელფასო დავალიანების დაფარვისკენ მოუწოდებს.

„ახლა „ფრონტერასთან“ საკმაოდ პოზიტიურ და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ და შესახვედრად ვემზადებით გარკვეული ტექნიკური საკითხების გასავლელად“, – განაცხადა თურნავამ.


17 დეკემბერს გაზისა და ნავთობის ამერიკულმა კომპანიამ „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ“ დედოფლისწყაროში დასაქმებული 80-ზე მეტი თანამშრომელი გაფრთხილების გარეშე სამსახურიდან დაითხოვა.