არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ – გახარია „ფრონტერაზე“

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერას“ საკითხს გამოეხმაურა და განმარტა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, კომპანიისთვის საქართველოში 1%-ის ფარგლებში სამუშაოების გაგრძელების შესახებ.

„ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად, აქტივის – ტერიტორიის 99% – მთავრობამ დაიბრუნა. ის 1%, რომელიც საქართველოს სამართლებრივად ფორმალური იურიდიული მხარით შეეძლო, რომ დაეწყო დაბრუნების პროცესი, ამ პროცესის დაწყებაზე თქვა უარი… იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის, საქართველოში, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ“, – ამბობს გახარია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, „არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა აქაც რაღაც „ტარგეტირებული მიზნისთვის“ გამოიყენონ“.

გიორგი გახარია ამბობს, რომ „ფრონტერაში“ არიან ქართველი დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების ინტერესი უნდა იყოს დაცული.


ამერიკულმა ნავთობმომპოვებელმა კომპანია „ფრონტერამ“ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს საჯარო დეზინფორმაციულ კამპანიას მათ წინააღმდეგ. „ფრონტერა” საქართველოს მთავრობას ცილისწამებასა და მიზანმიმართულ შევიწროებაში ადანაშაულებს.

როგორც გუშინ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველოს მთავრობას ჰქონდა საფუძველი, კომპანია „ფრონტერასთან“ ხელშეკრულება სრულად მოეშალა, თუმცა, მიუხედავად ამისა, კომპანიას საქართველოში 1%-ის ფარგლებში სამუშაოების გაგრძელების უფლება დაუტოვა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი, ქართული მხარის სიმართლე დაადასტურა საერთაშორისო არბიტრაჟმა… დავის შემდეგ არბიტრაჟმა პრაქტიკულად მხარი დაუჭირა ქართული მხარის ყველა მოთხოვნას, რის შემდეგაც „ფრონტერას“ დაეკისრა დავასთან დაკავშირებული საფასურის ანაზღაურება, რაც დაახლოებით 6 მილიონი დოლარია. მხოლოდ ეს ფაქტიც კი არის იმის დასტური, რომ „ფრონტერამ“ ეს დავა წააგო. დაეკისრა ძებნა-ძიების არეალის 99%-მდე დაბრუნება სახელმწიფოსთვის და „ფრონტერამ“ უკვე გვაცნობა წერილობით, რომ ამას აბრუნებს და ეს ნაწილი უდავოა. ჩვენ შეგვექმნა სრული საფუძველი იმისა, რომ მთლიანად მოგვეშალა კონტრაქტი „ფრონტერათან“. ეს შეეხებოდა იმ 1% ტერიტორიასაც, სადაც არა „ფრონტერას“ გამო, საბჭოთა დროიდან არსებობს ჭაბურღილები და ხდებოდა ნავთობის მოპოვება. ამ 1%-თან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ვაჩერებთ კონტრაქტის მოშლის მოთხოვნას, ვუტოვებთ ამ 1% ტერიტორიას ლიცენზიის ვადით და შეუძლია „ფრონტერას“ გააგრძელოს საქმიანობა”, – განაცხადა თურნავამ.